1731009381
ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ გამოიყენებს ამ ყველაფერს საკუთარი ინტერესებისთვის - დავით მათიკაშვილი ლავროვის განცხადებაზე
საინტერესოა, რა რეზონანსი მოჰყვება ხოლმე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ასეთ განცხადებებს, რომელიც პერიოდულად კეთდება რუსეთში და რომელიღაც ძალა და ტელევიზია ახდენს პროვოცირებას, რომელი პოლიტიკური ძალა აიტაცებს ყიჟინით და შემდგომ უკვე თავის პოლიტიკურ წიაღსვლებს ააწყობს სწორედ რუსეთიდან წამოღებულ სამაშველო რგოლზე - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ტვ იმედის“ ეთერში, სერგეი ლავროვისთვის "ალტ ინფოს“ მიერ დასმული კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, სად გაკეთდება ვრცელი რეპორტაჟები და ვინ გამოიყენებს ამ ყველაფერს საკუთარი ინტერესებისთვის.
„რომ დავუკვირდეთ დღევანდელ ეთერებს, რომელიც იქნება პროპაგანდისტულ, რუპორ ტელევიზიებში, რომ დავუკვირდეთ რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს, ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი, რომ სწორედ ის პლატფორმა, რომელიც რუსეთიდან არის შემოთავაზებული ამ განცხადების სახით, ძალიან აქტიურად არის გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან და დიახ, სწორედაც რომ მსგავსია მაშველი რგოლისა, რომელიც არაერთხელ გვინახავს ჩვენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან ოპოზიციისთვის ნასროლი და მათ მიერ ძალიან წარმატებით გამოყენებული“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიზანი ხელისუფლებისთვის პრორუსულობის დაბრალებაა, რითაც სინამდვილეში საკუთარ აგენტურას, მდარე და ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს მალავენ.
„თუ გვინდა გავარკვიოთ ვის რა ინტერესი გააჩნია, პირველ რიგში მიზანი უნდა ვნახოთ. მიზანი არის ჭიქა წყალში ქარიშხლის მოწყობა, ხელისუფლებისთვის პრორუსულობის დაბრალება და ა.შ. სინამდვილეში ამით საკუთარ აგენტურას, მდარე და ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს მალავენ. ჩანს თუ ვის წისქვილზე ასხამს ეს ყველაფერი წყალს. რა თქმა უნდა, ეს არის რადიკალური ჯგუფები, „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ერთი ამოსუნთქვა, წყარო იმისა, რომ ხელისუფლებას დასდონ რაიმეში ბრალი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და ძალიან კარგად ხედავს იმას, რომ პირველ რიგში ეს მაშველი რგოლი სწორედ ოპოზიციისთვის არის განკუთვნილი“ - განახადა დავით მათიკაშვილმა.