დიმიტრი ხუნდაძე არასამთავრობოთა ნაწილის მოთხოვნაზე: ეს, რა თქმა უნდა, არის საარჩევნო სარგებლის მიღების მცდელობა მტრობითა და ღალატით. ეს არის სწორედ ის არასამთავრობო სექტორი, ძირითადად, მდიდარი ნაწილი, რომელიც უპირობოდ ასრულებს დაკვეთებს

დიმიტრი ხუნდაძე

მე ვფიქრობ ამაში სკანდალური არაფერია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მივეჩვიეთ უკვე მათი მხრიდან ასეთი დაკვეთების შესრულებას, რომელიც, პრაქტიკულად არის მხოლოდ და მხოლოდ ზიანის მომტანი საქართველოსა და თავად საზოგადოებისთვის, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა - მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ არასამთავრობო სექტორის გარკვეული ნაწილის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს, რა თქმა უნდა, არის საარჩევნო სარგებლის მიღების მცდელობა მტრობითა და ღალატით.

„ეს არის სწორედ ის არასამთავრობო სექტორი, ძირითადად, მდიდარი ნაწილი, რომელიც უპირობოდ ასრულებს დაკვეთებს. ეს არის, რა თქმა უნდა, ერთიანი კონტექსტის ნაწილი, სწორედ ის არასამთავრობო, რომელმაც შეასრულა დაკვეთა და გახსოვთ ალბათ, როდესაც ტექნიკური მთავრობის მოთხოვნით შეეცადა, რომ რევოლუციური მუხტი შემოეტანა და შეეცვალა ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც არ ექვემდებარებოდა გარე ერთპიროვნულ დაკვეთებს, რომელიც საზიანო იქნებოდა ქვეყნისა და საზოგადოებისთვის.

გახსოვთ ალბათ, როდესაც სანქციების მოთხოვნა იყო, იქაც მათი მხრიდან იყო ზეწოლა თავად საზოგადოებაზე და ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებზე, თავად დეპუტატებზე. არადა, ამ გადაწყვეტილებით არა რუსეთს, არამედ, თავად საკუთარ ეკონომიკას და ქართულ ეკონომიკას ჩამოვშლიდით და ასე ვთქვათ, მოდელირებული პროგნოზით ეს იქნებოდა მინუს 17, ქვეყნის ეკონომიკური პროგნოზი და არა ის, რომ ორნიშნა მატებაა დღეს საქართველოს ეკონომიკის.

ასეთ შემთხვევაში იქნებოდა ვითარება, რომ ჩვენ ვერ გავცემდით პენსიებს, ვერ დავაფინანსებდით ჯანდაცვის პროგრამებს, ვერ გავცემდით ხელფასებს, სოციალურად დაუცველთა შემწეობებს. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევდა სოციალურ მღელვარებას და ესეც იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გარედან მიიღო დაკვეთა, სწორედ იმ ნაწილმა, რომელიც ასეთ ინსტრუმენტებს ხმარობს ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ, რომ შემდგარიყო რევოლუცია. თავად საზოგადოებას შეეცვალა საკუთარი ხელისუფლება, რომელიც იცავდა მათივე ინტერესებს. ასევე, გახსოვთ მებრძოლების გაგზავნას ითხოვდნენ, იარაღის უკრაინაში გაგზავნას. ამას არ სჭირდება დიდი სამხედრო ექსპერტობა და განსაკუთრებული ცოდნა, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი თვალს არ გააყოლებდა მშვიდად საქართველოდან გაგზავნილ იარაღს და რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა პირდაპირი სამხედრო აგრესია მათი მხრიდან და შედგებოდა ის დაკვეთა, რასაც ემსახურება სწორედ ეს არასამთავრობო სექტორი, რომ საქართველო ჩაერთვებოდა ომში“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.