დეტალურად განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც ახალგაზრდებს აინტერესებთ. ერთად შევძლებთ, რომ ვიხილოთ ჩვენი ქვეყანა ისეთი, როგორიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა - ვარლამ ლიპარტელიანი

ვარლამ ლიპარტელიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერთან, სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან და გამგეობის წევრებთან შეხვედრა გამართა.

საუბარი შეეხო ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე გამოკვეთილ საკითხებს, ასევე, დაიგეგმა სამომავლო გეგმები ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულებით. როგორც ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე დაისახა კონკრეტული გეგმა, რომელზეც შემდეგი ორი წლის განმავლობაში იმუშავებენ.

როგორც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვარლამ ლიპარტელიანი აცხადებს, მსგავსი ტიპის შეხვედრებს გაგრძელება აუცილებლად ექნება. დღევანდელ შეხვედრაზე კი, დეტალურად იქნა განხილული ყველა ის საკითხი, რაც ახალგაზრდებს აწუხებს.

"ბოლო პერიოდში გახსოვს, თუ რამდენად იყო თავმოხვეული პოლარიზაცია და საუბარი იმაზე, რომ თითქოს "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ და, ზოგადად, გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები და ჩვენ სრულიად საპირისპირო ვიხილეთ. ვფიქრობთ, რომ გაგრძელება აუცილებლად ექნება ამას, ვმუშაობთ ფორმატზე. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ მიმართული იყო ამისკენ. დეტალურად განვიხილეთ ის საკითხები, რაც ახალგაზრდებს აინტერესებთ. უმეტეს შემთხვევაში, იყო ახალგაზრდულ სივრცეებთან, სტაჟირებებთან დაკავშირებით საუბარი, რომელიც ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი პროექტია და კიდევ გაიზრდება და დაემატება. ასევე, იყო მიგრაციასთან დაკავშირებით საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად, ნელ-ნელა დადებითად გადაწყდება ეს ყველაფერი, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან დიდია. მე ვფიქრობ, ერთად შევძლებთ იმას, რომ აუცილებლად ვიხილოთ ჩვენი ქვეყანა ისეთი, როგორიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა," - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.