ცნობილია, რიკოთზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა

ლენტა

რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბეტონის ჯებირს შეეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომობილში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი სხვადასხვა დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ტრაგედიის შედეგად დაღუპულები არიან შაკო ლურსმანაშვილი და დათო კობახიძე, რომლებიც, ახლობლების ინფორმაციით, უახლოესი მეგობრები იყვნენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიციის თანამშრომლები.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.