ცნობილია, „კანონიერი ქურდის“ ვინაობა, რომელსაც დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს
1783500416
მისასალმებელი და თვალშისაცემია საქართველოს კაპიტალის ბაზრის ასე სწრაფად განვითარება, განსაკუთრებით ობლიგაციების ბაზრის ლიკვიდობის მიმართულებით, - ამის შესახებ ბრიტანული საინვესტიციო კომპანია Ashmore Group-ის წარმომადგენელმა ადრიან პეტრეანუმ სებ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივა - ინდექსები და ბირჟაზე ვაჭრობადი საინვესტიციო ფონდები“ საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების პრაქტიკულ გამოყენებასა და ინდექსზე დაფუძნებული საინვესტიციო პროდუქტების განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნა.
„მინდა მივულოცო საქართველოს ეროვნულ ბანკს ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორიცაა საქართველოში ICE ინდექსების გამოქვეყნება და მასში ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინტეგრაცია. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აქტივების მმართველები, აქტიურად ვართ ჩართულები ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ მივესალმებით და ინტერესით ველოდებით ეროვნული ბანკის ნებისმიერ ახალ ინიციატივას, რაც ბაზრის ლიკვიდობას კიდევ უფრო გაზრდის და მეტ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავს“, - აღნიშნა ადრიან პეტრეანუმ.
სებ-ის მიერ ორგანიზებული ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა 2026 წლის თებერვალში მიღწეულ მნიშვნელოვან პროექტს, როდესაც, პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების შვიდი ინდექსი. ინდექსები შეიმუშავა Intercontinental Exchange-მა (ICE) და ხელმისაწვდომი გახდა როგორც Bloomberg-ის (Bloomberg IND), ისე ICE-ის ინდექსების პორტალის (indices.ice.com) მეშვეობით.