აშშ-ს ჰელსინკის კომისია ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭონ

HELSINKI COMMISSION

აშშ-ს ჰელსინკის კომისია ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მიანიჭონ. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინიმ, კომისიის თანათავმჯდომარემ, ქვედა პალატის დემოკრატმა წარმომადგენელმა სტივ კოენმა, ასევე წამყვანმა წევრებმა, რესპუბლიკელმა სენატორმა, როჯერ ვიქერმა და წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა.

ჰელსინკის კომისია მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციას, მიანიჭონ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსები. ხაზგასმულია ყველა ქვეყნის უფლება, აირჩიონ და გადაწყვიტონ საკუთარი ალიანსი და საგარეო პოლიტიკა.

ამასთანავე, ჰელსინკის კომისია მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებასაც და ამისკენ მოუწოდებს ევროპულ საბჭოს.

„ქართველმა ხალხმა ასევე საკმაო მსხვერპლი გაიღო საკუთარი ევროპული იდენტობისთვის და რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის აგრესიული ქმედებებისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ გამოწვევას, თუ გზა სუფთაა. გვჯერა, მათ უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა.

გზა ლიბერალური დემოკრატიისკენ არასდროსაა პერიოდული უკუსვლებისა და გზის დაგრძელების გარეშე და ყოველთვის დგას სიფხიზლის, ფრთხილი ძალისხმევისა და კომპრომისის აუცილებლობა. გვწამს, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მათი საერთო ევროპული ოცნებისთვის ბრძოლის შანსს მისცემს". – წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისია არის აშშ-ს მთავრობის სააგენტო, რომელიც 1975 წელს შეიქმნა, რათა გაეწიათ ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულებების ზედამხედველობა. კომისია დაკომპლექტებულია აშშ-ს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებისგან.