მძიმე კადრები: „მიდი, ზურა, იბრძოლე ზურა“ - სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს შესახებ „პრაიმთაიმს“ აშშ-ში მცხოვრები ქართველი ესაუბრა

amerika

„საკუთარი სადარბაზოს ეზოში, რომ მსგავს ფაქტს შეესწრები რა ჭკუაზე უნდა იყო? დედებო, მეგობრებო ახლობლებო, ნაცნობებო თუ უცნობებო ყველას მოგიწოდებთ გაერთიანდეთ, ეს არ არის გზა ევროპისკენ და ეს არ არის ხსნა ნატოსკენ“, - წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ლიკა რობაქიძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

ფაქტთან დაკავშირებით „პრაიმთაიმი“ ლიკას ესაუბრა, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაუნახავს, როგორ მოიხმარენ ქუჩაში ნარკოტიკს.

„სანამ ამერიკაში ჩამოვიდოდი 15 წელი ევროპაში ემიგრანტი ვიყავი. სწორედ ამ მიზეზის გამო (ნარკოტიკის), ჩემი ოჯახი დაინგრა. მე მსგავსი სიმწარე გამომიცდია. სწორედ, ამიტომ გამიჩნდა სურვილი, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია მომეწოდებინა.

ამიტომ გავდივართ ამ გზას?.. ამიტომ გავყიდეთ სახლ-კარი, მანქანა და წამოვიდეთ მექსიკის საზღვრით იმიტომ, რომ აქ ამ მდგომარეობაში ვიყოთ? ახლა ნიუ-იორკში ვცხოვრობ. ქვემოთ ვიყავი ჩასული საყიდლებზე. დავინახე, როგორ ეჯახებოდა თეთრი მანქანა სხვა ავტომობილს. წამებში კარი გაიღო და მანქანიდან კაცები გადმოცვივდნენ. გონზე არ იყვნენ. პანიკა ატყდა. პოლიცია, სასწრაფო მოვიდა. როგორც შემდგომ აღმოვაჩინე ესენი ქართველები იყვნენ. სრულიად შემთხვევით გავიგე. ცოტა ხანში, კაცი გამოჩნდა, რომელიც ყვიროდა, ,,კახა, გონს მოდი”. ამ მანქანაში სამი ადამიანი იჯდა. ერთი მალევე მოვიდა გონს. დანარჩენი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ორი დღის წინაც, ვნახე როგორ იკეთებდნენ სანაპიროზე. არავის აღარ ერიდებიან. სასწრაფო დახმარების ექიმმა მითხრა, 80 ქართველი გვყავს გადასასვენებელიო. სახლ-კარი გაყიდეს, იმისთვის, რომ მექსიკიდან  20-40 000 დოლარი გადაეხადათ. ჩამოდიან აქ და თავს იკლავენ. აქ შოკოლადი უფრო ძვირია, ვიდრე ნარკოტიკი. ჩვეულებრივ ყიდულობენ, “- უყვება ლიკა „პრაიმთაიმს“.

ვიდეოს ნახვა შეგიძლია ამ ბმულზე.