ზოია ბებო

ფოტოები: ნახეთ როგორ გამოიყურებოდა ახალგაზრდობაში ქალი, რომელიც თბილისის ქუჩებში ყველას ყურადღებას იპყრობს

თბილისის ქუჩებში თუ არა, სოციალურ ქსელებში ერთხელ მაინც შეხვდებოდით ფოტოზე აღბეჭდილ ასაკოვან ქალს, რომელიც თავისი გამორჩეული გარეგნობით ყველას ყურადღებას იპყრობს.

ფერად სამოსში გამოწყობილ მოხუცს ძველი სილამაზე კვლავ აქვს შემორჩენილი. ერთი შეხედვით უდარდელი ქალის მიღმა დგას ადამიანი, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს.

ფოტოგრაფი ლაშა შალამბერიძე იყო ერთ-ერთი, რომელმაც პირველმა გაასაჯაროვა მისი სურათები, რამაც უფრო გაზარდა საზოგადოების ინტერესი გემოვნებიანი ქალბატონის მიმართ. 

„პრაიმტაიმმა“ მოხუცის შესახებ რამდენიმე საინტერესო დეტალი გაარკვია.

70 წელს გადაცილებული, ზოია წიკლაური კახეთიდან, სოფელი შაშიანიდანაა. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ქალი დაახლოებით, ოცი წელია სოფელში აღარ გამოჩენილა.

„ზოია (ნინო) წიკლაური გურჯაანის რაიონიდან, სოფელ შაშიანიდანაა. ახალგაზრდობაში ულამაზესი ქალი იყო.  პედაგოგიურზე სწავლობდა. მასა და მის ქმარს (გვარად ანჩაბაძეს) ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ. ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს, კლასელები იყვნენ.  ნინო ცხოვრობდა ისე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, თუმცა ოჯახის დანგრევის შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ნინოს ქმარმა უღალატა მტკნარი სიცრუეა. ქმრის მშობლებს ნინო ძალიან უყვარდათ, მას უდიდეს პატივს სცემდნენ. ნინოს ერთი შვილი ჰყავდა, თამაზი, რომელიც მხედრიონობის დროს მოუკლეს.  ულამაზესი და უკარგესი ვაჟკაცი იყო. მისი ყოფილი მეუღლე, მათი განქორწინებიდან 12-15 წელში დაიღუპა. ნინო ჩვენც გარდაცვლილი გვეგონა,მაგრამ რამდენიმე დღის წინ ფოტოებში ამოვიცანით. სხვათა შორის, მაია კაკაურიძის მოთხრობას „ციცინათელები" საფუძვლად ნინოს ისტორია უდევს",- უყვება „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

მაია კიკაურიძე მოთხრობაში „ციცინათელები" შემდეგ ინფორმაციას წერს:

„ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მეგობარმა ფოტო გამომიგზავნა, თუ იცნობ, აბა ვინ არისო . სურათზე არაბუნებრივად გამხდარი ქალი იყო აღბეჭდილი; მოკრძალებული იდგა რკინის ურნასთან - დიდხანს ვუყურე. მართალია თავზე ღია ფერის ფარფლებიანი ქუდი ეფარა, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ თმები არ ჰქონდა; ღია ყვითელი, მაქმანებით გაწყობილი კაბა ეცვა. მძივი და სამკაულები აესხა, რაც იმას მიანიშნებდა, რომ თავის დროზე ეს სამკაულები მისი ერთგული, უღალატო მეგობრები ყოფილან და დღემდე ერთგულობდნენ პატრონს - დახვეწილი სახის ნაკვთები, იშვიათი ფერის თვალებითა და ჯერ კიდევ ჩაუმქრალი ღიმილით. ფოტოდან ოდესღაც აუწერელი სილამაზის აჩრდილი მიცქერდა, ძვალზე გადაკრული ტყავის გამოსახულებით - ზოია- ჩვენი საბავშვო ბაღელი თეთრთმიანი ბიჭის დედა-ზოია.

თამაზის გარდაცვალების შემდეგ, მეც და ძალიან ბევრს გვეგონა , რომ ზოიაც გარდაიცვალა. თუმცა, სოციალურ ქსელში განთავსებულ აღნიშნულ ფოტოს, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ ჩანდა გადაღებული, ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონია, რადგან კომენტარებში ბევრს, ჩემთვისაც ახალს ვკითხულობდი: ,,ამ ქალს შვილი მოუკლეს აფხაზეთის ომში და ამ მდგომარეობაში მას შემდეგ იმყოფებაო’’. კი ბატონო, შვილის სიკვდილმა გადაიყვანა საბრალო ზოია ჭკუიდან, მაგრამ თამაზი აფხაზეთის ომში არ მოუკლავთ...ის საბოლოოდ თავისივე მოძმისგან ზურგიდან ნასროლ ტყვიას შეეწირა. სიმართლე ზეცაშია და ის უფალმა იცის.. რა დაუნდობელია ცხოვრება. რა ბედზე და ვარსკვლავზე დაბადებულან დედაც და შვილიც?! ზოიას მოძებნა რთული არ არის - რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვნით, მაგრამ ახლოს ვერ გაეკარებით, რადგან არავის ელაპარაკება.... ნეტავ, თუ მიცნობს?!".

თბილისის ქუჩებში ზოია (ნინო) წიკლაურს ხშირად ხედავენ, უღებენ ფოტოებს. სად და რა ვითარებაში ცხოვრობს ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი, მოდურად ჩაცმული ქალი, ჯერჯერობით, უცნობია.