აშშ-ის ადმინისტრაციის გზავნილი ოპოზიციის მიმართ არის რადიკალურად განსხვავებული იმ გზავნილისგან, რისი რეალიზაციაც ხდებოდა არჩევნების შედეგების ბოიკოტირებით დაწყებული, დამთავრებული 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებით - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

"ამ შემთხვევაში, აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკა, დამოკიდებულება და გზავნილი ოპოზიციის მიმართ არის რადიკალურად განსხვავებული იმ გზავნილისგან, რა გზავნილის რეალიზაციაც ხდებოდა არჩევნების შედეგების ბოიკოტირებით დაწყებული, დამთავრებული იგივე 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებით, როდესაც, გარე აქტორები, ფაქტობრივად, ღიად უჭერდნენ ამ გადატრიალებას მხარს," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "ღამის კურიერი" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილებზე საუბრისას.

მისი შეფასებით, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ამჟამინდელი პოზიცია რადიკალურად განსხვავდება იმ დესტრუქციული პროცესებისგან, რასაც წარსულში ზოგიერთი უცხოელი აქტორი აქეზებდა.

"ეს იყო, პირველ რიგში, გზავნილი ოპოზიციის მიმართ. შეგიძლია თქვა, რომ ყველა გზავნილი, ასე თუ ისე, ხელისუფლებასაც ეხება, მაგრამ ეს იყო 90%-ით გზავნილი ოპოზიციის მიმართულებით. რატომ - რაც ოპოზიციამ ჩაიდინა თავისი ჭკუით თუ სხვისი კარნახით და, როგორც ჩანს, სხვისი კარნახით, რადგან დღევანდელი აღიარებები, რასაც ჩვენ ახლა ვისმენთ, რომ ეს ბოიკოტი არაფრის მომტანია და ყოველთვის დამაზიანებელია და ა.შ., პოლიტიკაში ცოტათი მაინც გათვითცნობიერებული ადამიანისთვის გასაგებია, რომ ის შედეგები, რაც 2024 წელს ოპოზიციამ მიიღო, ხელიდან ასე გასაშვები არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ მიზნები სხვა იყო და დავალებაც, მითითებაც სხვანაირი მოვიდა, როგორც ჩანს, და ნაწილი დღესაც იმ ძველი მესიჯბოქსის ტყვეობაშია ჩარჩენილი.

ამ შემთხვევაში, აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკა, დამოკიდებულება და გზავნილი ოპოზიციის მიმართ არის რადიკალურად განსხვავებული იმ გზავნილისგან, რა გზავნილის რეალიზაციაც ხდებოდა არჩევნების შედეგების ბოიკოტირებით დაწყებული, დამთავრებული იგივე 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებით, როდესაც, გარე აქტორები, ფაქტობრივად, ღიად უჭერდნენ ამ გადატრიალებას მხარს. იმ დღეს, სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, დეპუტატები და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი მხარს უჭერდა და აქეზებდა მომიტინგეებს. ასე რომ, ეს მიდგომა აშშ-ის ადმინისტრაციისათვის აბსოლუტურად მიუღებელია - ეს არის სწორედ მათი გზავნილი," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.