ადამიანებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაფიქრდნენ რა დავალებას ასრულებენ, ვის წისქვილზე ასხამენ წყალს, რას და რა სიმბოლოებს იყენებენ საკუთარი მერკანტილური მიზნების მისაღწევად - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

 9 აპრილის ტრაგედიას ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები პროვოკაციებისთვის იყენებენ - ასეთია შეფასება მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გარედან მართული ძალები ცდილობენ დაღუპულთა ხსოვნა და ქვეყნისთვის ეს ტრაგიკული თარიღი დაპირისპირების და ქაოსის საშუალებად აქციონ.

სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმაც. "9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე, პროვოკაციას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მმართველ გუნდში ამბობენ, იოტის ოდენა საბაბსაც არ მისცემენ არავის, რომ ქვეყანა ქართველ ხალხთა შორის დაპირისპირების პოლიგონად გადააქციოს.

"ეს არის კატასტროფული მოცემულობა, როცა ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ გარედან მიღებული დავალების შესაბამისად პროვოკაციები მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში, რასაც არ დავუშვებთ და იოტის ოდენა საბაბსაც კი არ მივცემთ არავის, რომ ჩვენი ქვეყანა ქართველ ხალხთა შორის დაპირისპირების პოლიგონად გადააქციოს, წარმოუდგენელია ასეთი რამ.

ადამიანებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ დაფიქრდნენ რა დავალებას ასრულებენ,  დაფიქრდნენ ვის წისქვილზე ასხამენ წყალს და დაფიქრდნენ თუ რას და რა სიმბოლოებს იყენებენ საკუთარი მერკანტილური მიზნების მისაღწევად", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.