1759260719
„სრულიად საქართველოს მოსახლეობასადმი“ - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

„სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით.
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
2026 წელს შესრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. განვლილი 17 საუკუნე არის დასტური იმისა, რომ უძველესი და უნიკალური კულტურის მქონე ქართველი ერი ქრისტიანობამ სულიერი სრულყოფილების გზას, ჭეშმარიტებას და ცხოვრებას ანუ ქრისტეს აზიარა.
ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებლობის ისტორია საქართველოში ესაა ქართველი ერის სულიერი ისტორია, ერის მიერ სარწმუნოების ამგვარი გათავისება შედეგია უაღრესად მყარი საფუძვლისა, რაც არსობრივად ვლინდება სარწმუნოებრივი ცნობიერებისა და ეროვნული იდენტობის განუყოფლობაში.
ღვთისმშობლის წილხვედრი ქართლის მიწაზე უძველესი დროიდანვე გამობრწყინდნენ წმინდანები, რომელთა სიმრავლეც განსაკუთრებით ცხადყოფს საქართველოს ეკლესიის ერთგვარ სულიერ სისავსეს. სწორედ ამ გარემოებამ შესძინა მას ის ჰაგიოლოგიური ხარისხი, რაც გულისხმობს ქართლის ეკლესიის წოდებას "წმინდანთა დედად", როგორც ეს უწყებულია მერვე საუკუნის თხზულებაში "მარტვილობა აბო თბილელისა".
წმინდა ილია მართალი ბრძანებს:
"ახალმა აღთქმამ განაახლა ჩვენი ქვეყანა ახალი ცხოვრებისათვის. ქართველმა ამ რჯულს, ამ ახალ აღთქმას, შეუერთა ძველისაგან ყოველივე ის, რაც კი რამ ძვირფასია ადამიანისათვის და რაც თავისდღეში არ დაძველდება, სანამ ადამიანი არსებობს: შეუერთა მამული და ეროვნება. ეს სამი ერთმანეთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნა ... ერთმანეთში, რომ რჯულის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის დაცვად გარდაიქმნა და მიწა-წყლის დაცვა - რჯულის დაცვად".
მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, საქართველომ არაერთხელ მიაღწია როგორც სარწმუნოებრივ აღორძინებას, ისე სახელმწიფოებრივ ძლევამოსილებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი ერის ისტორიაში განსაკუთრებულ სიმძიმეთა ჟამს ქრისტიანული ღირებულებებისადმი თავდადების არნახული მაგალითები, ღვთისა და მამულის ერთგულებისათვის აღსრულებული მოწამეობრივი ღვაწლი როგორც ცალკეული პიროვნებების, ისე მთელი ერისა, უტყუარი მოწმობაა ქართველი ერის სულიერი სიმტკიცისა იმ მარადიული ფასეულობების დაცვის საქმეში, რაც მაცხოვნებელი რწმენის საფუძველია.
სამწუხაროდ, ბოლო საუკუნეებში, ერის მნიშვნელოვანი ნაწილი საგრძნობლად დასცილდა ქრისტიანულ ფესვებს. ეროვნული თვითმყოფადობისაგან გაუცხოება იწვევს საზოგადოების დანაწევრებასა და გათიშულობას. წმინდა ილია მართლის სიტყვებით, „ერის პირქვე დამხობა ... იქიდან დაიწყება, როდესაც იგი თავის ისტორიას ივიწყებს“.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავის აღნიშვნა, ღვთისადმი მადლიერებასთან ერთად, არის ჩვენი ქვეყნის 2000 წლოვანი ქრისტიანული ისტორიის გახსენება.
ღვთის განგებით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ჩვიდმეტსაუკუნოვან იუბილეს წინ უძღვის ერის ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი ეპოქის ორი სრულიად გამორჩეული პიროვნების – წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 და წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულიდან 400 წლისთავი. საიუბილეო თარიღები შესრულდა – დავით მეფისა 2025 წლის 8 თებერვალს, ხოლო ქეთევან წამებულისა - 2024 წლის 26 სექტემბერს.
აღნიშნულ იუბილეს, ასევე, უმტკიცეს საფუძველს უქმნის ეპოქალური მნიშვნელობის ღვაწლი ისეთი უაღმატებულესი წმინდანებისა, რომელთა დამსახურებაც გარდამტეხი იყო საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიაში: საქართველოს ეკლესიის დამაარსებელი წმ. ანდრია პირველწოდებული და, მასთან ერთად, ქართლში ქრისტიანობის გამავრცელებელი მოციქულები: წმინდა სვიმონ კანანელი, წმ. ბართლომე და წმინდა მატათა. დედა წმინდა სიდონიასი და, მასთან ერთად, ქართლის მიწაზე უძველესი დროიდან გაბრწყინებული პირველმოწამენი; ქართველთა განმანათლებელი მოციქულთასწორი წმინდა ნინო; საქართველოს უპირველესი ტაძრის, სვეტიცხოველის, წმინდა მოღვაწენი; უდიდესი სიწმინდის, ძელიცხოველის მადლით დასაძირკვლებულ ჯვრის მონასტერში გაბრწყინებულნი; პირველი ქრისტიანი მეფე და დედოფალი, მოციქულთასწორი წმინდა მირიანი და წმინდა ნანა; წმინდა პირველმოწამე რაჟდენი; წმინდა მოწამე შუშანიკი; წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი; წმინდა იოანე ზედაზნელი და სხვა ასურელი მამანი; წმინდა მოწამე აბო ტფილელი; წმინდა გრიგოლ ხანცთელი და მისი თანამოღვაწენი; წმინდა ქალაქ იერუსლიმის და საზღვარგარეთის სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში მოსაგრენი; წმ. იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები; წმ. ეფრემ მცირე; წმ. არსენ იყალთოელი; წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი; ასიათასი ქართველი მოწამე; წმინდა ახალმოწამენი, კომუნისტური რეჟიმის დროს წამებულნი და ა.შ.
ამასთან ერთად, უდიდესი საუნჯეა ქართველი ერისა ღვთივმომადლებული სიწმინდენი, როგორიცაა: ხალენი წინასწარმეტყველ ელიასი; კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სამსჭვალი ჯვაცმული უფლისა, კვართი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, წმინდა ნინოს თმით შეკრული ჯვარი ვაზისა, უწმინდესი ხელთუქმნელი ხატები: ანჩისა, აწყურისა და სხვა. უწმინდესი ქართული ხელნაწერები, უნიკალური ფრესკები, მინიატურები, ღვთივკურთხეული ეკლესია-მონასტრები.
განსაკუთრებული ღვაწლისა და მადლის მქონე ეს წმინდანები და სწიმინდეები, და, საერთოდ, საქართველოს ეკლესიის ყველა წმინდანი და სიწმინდე, უდიდესი სიმძაფრით წარმოაჩენენ ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის ორ უმთავრეს ნიშანს – სულიერი სრულყოფისაკენ ერის დაუცხრომელ სწრაფვას და ღვთისა და მამულისადმი თავგანწირვის საკვირველ უნარს.
ამ საღვთო თვისებების წყალობით, გამუდმებით ყოფნა-არყოფნის წინაშე მდგომი მცირერიცხოვანი ქართველი ერი არა მარტო გადარჩა და თვითმყოფადობა შეინარჩუნა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკაცობრიო კულტურის საგანძურში.
შარშან, 13 დეკემბერს, წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა მშვიდობის შენარჩუნებისკენ.
მის მიმართვაში ვკითხულობთ: „ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისათვის ზრუნვა.
...ჩვენი პრობლემა დღეს ისიცაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს, და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ;
...ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით... ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ... ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული".
საიუბილეო თარიღების აღნიშვნა არის საუკეთესო საშუალება სამშვიდობო მისიის აღსრულებისა და, შესაბამისად, მათ მნიშვნელოვანი სახელმწიფო დატვირთვა აქვთ. ამიტომაც, ბუნებრივია და კანონზომიერი, რომ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღები ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ აღნიშნოს.
იმისათვის, რომ საიუბილეო დღეებმა მოიცვას სრულიად საქართველო, ამ პროცესში უნდა ჩაერთონ ჩვენი მოქალაქეები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ქალაქებსა თუ სოფლებში, ოჯახებსა თუ საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში, უმაღლეს თუ საჯარო სასწავლებლებში, სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულებებში, ამ ორი წლის განმავლობაში სარწმუნოებრივ-ეროვნული ღირებულებებისა და თვითმყოფადობის მთელი სისავსით გაცნობიერება და მასზე დაფუძნებული ცხოვრების წესის განმტკიცებაზე ზრუნვა უნდა იყოს მთავარი ამოცანა ჩვენი საზოგადოებისა.
როგორც ნოეს კიდობანში მყოფნი გადაურჩნენ წარღვნას, ისე წმინდა ეკლესიის წიაღში დამკვიდრებულნი გადაურჩებიან ბოროტისაგან მოვლენილ უმძიმეს განსაცდელებს.
იმედი გვაქვს, საქართველოს მოსახლეობა გაითავისებს და ერთობლივი ძალისხმევით აღნიშნავს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს, რაც იქნება მყარი საფუძველი საზოგადოების სულიერი გამთლიანებისა, ღირსეული აწმყოსი და ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.