სამეგრელოს პოლიციამ 25 ტონამდე საწვავის ქურდობის ფაქტი გახსნა

პოლიციის სირენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად
ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი - 1975 წელს დაბადებული დ.კ., 1986 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1997 წელს დაბადებული ჯ.პ. დააკავეს, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც სხვადასხვა დროს დასაქმებულები იყვნენ ფოთში მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ ობიექტზე, ამავე ბენზინგასამართი სადგურიდან, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 47 496 ლარის ღირებულების 25 ტონამდე საწვავს.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე სამივე პირის ვინაობა დაადგინეს და ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.