ცნობილი ბლოგერი ათასობით მაყურებლის თვალწინ, პირდაპირ ეთერში ტრაგიკულად დაიღუპა
1759265262
ჟურნალისტ ნინო მჭედლიშვილს, მედიასივრცეში და არამარტო მედიაში, კარგად იცნობენ. ნინო, ახლა ემიგრაციაშია და ამერიკიდან გვანებივრებს, ვიდეოებით და სხვადასხვა რჩევებით, მას tiktok-ზე, 70 000-მდე გამომწერი ჰყავს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„პრაიმტაიმის“ ერთ-ერთი გამორჩეული ჟურნალისტი, „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად და გულახდილად ესაუბრება იმ სირთულეებზე, რაც თავიდან, ემიგრაციაში წასვლას მოჰყვა.
ნინო ამბობს, რომ ერთი რამ დანამდვილებით იცის „ერთი ზუსტად ვიცი, ჩემი საქართველო მანდ არის, მე დავბრუნდები“.
- რამდენი წელია რაც ემიგრაციაში ხართ? რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება?
რვა წელი გავიდა... თითქოს გუშინ იყო... რა გატირებს დეე, ამერიკაში მიდიხარო, აეროპორტში მითხრა ჩემმა შვილმა. მაშინ კიდევ უფრო ღრმად რომ გამეანალიზებინა, რას ვაკეთებდი, ალბათ, ყველას გასაგონად ხმამაღლა ვიბღავლებდი. ჩუმად გადავყლაპე ცრემლები და აფრინდა... ბევრი არ მიფიქრია. ჩემი შვილის მომავლისთვის ვაკეთებდი და ამიტომ, მარტივად გადავწყვიტე. ეს მეორე ფრენა იყო. პირველად, საქმიანი ვიზიტით ვიყავი ამერიკაში. „პრაიმტაიმისთვის“ სიუჟეტები, ლაივები გადავიღეთ... ასე თუ ისე, წარმოდგენა მქონდა აქაურ ცხოვრებაზე, ემიგრანტებზე, მაგრამ სანამ თავად არ გამოცდი, დასკვნების გაკეთება სისულელეა.
- საქართველოში, წარმატებული ჟურნალისტი იყავით, არ გაგიჭირდათ ყველაფერზე უარის თქმა და ახალი ცხოვრების დაწყება?
მარტივი ნამდვილად არ იყო. პირველი რამდენიმე თვე მესიზმრებოდა, რომ პრესკონფერენციაზე ვაგვიანებდი, ვორდის ფაილი მქონდა გახსნილი და სწრაფად ვკრეფდი ტექსტს, სხვა სააგენტოს რომ არ დაესწრო ახალი ამბის დადება ჩემთვის (იცინის). დიდი ხანი, ქართულ საინფორმაციო პორტალებს ვათვალიერებდი, სიახლეებს ვეცნობოდი... მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ამერიკული საიტებისთვისაც უნდა გადამეხედა. დღესაც ვუყურებ ქართულ საინფორმაციო გამოშვებებს...
- მოგვიყევით, რა სირთულეებს გადააწყდით და რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად ამერიკაში ყოფნისას?
პირველი და უმთავრესი, ენის ბარიერი. ჩემი ბრიტანული დამტვრეული ინგლისურით ვმოძრაობდი და მეგონა, ესენი სულ სხვა ენაზე საუბრობდნენ... ბრუკლინი საერთაშორისო ქალაქია... აქ უნდა იცოდე, ამერიკული, ჩინური, მექსიკური, რუსული, ესპანური, ინგლისური. ანუ, ყველა ქვეყნის წარმომადგენელს თავისი ინგლისური აქვს... ქართველის ინგლისურს ყველასგან გამოვარჩევ, თავისებური აქცენტი გვაქვს. ხოდა, ასე აქვს ყველას თავისი... მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ფიზიკური შრომა... აქ მივხვდი, რას ნიშნავს დაღლა. გამომცემლობაში კომპიუტერზე რომ ვაკაკუნებდი, მერე „ტუსოვკიდან“ „ტუსოვკაზე“ დავწკაპუნობდი ქუსლიანი ფეხსაცმელებით, კონცერტებს, ფესტივალებს, კონკურსებს ვაშუქებდი, თეატრის პრემიერებზე მიწვევდნენ, ცნობილ ადამიანებს ვსტუმრობდი და მერე... დღის ბოლოს, როგორ დავიღალეთქო, ვწუწუნებდი, ახლა მეცინება. არა, კი არ მეცინება, მეტირება. ზოგჯერ, ღამით ფეხების ტკივილი მაღვიძებს... ბოლოს, ქუსლიანი ფეხსაცმელი როდის ჩავიცვი, არ მახსოვს (იცინის)... ჩემი პირველი სამუშაო დღე ამერიკაში იყო ქართულ საცხობში, ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე. ახალი წელი თენდებოდა... არ მახსოვს, როგორ მოვედი სახლში, აბაზანაში შხაპის ქვეშ დავდექი და ონკანს ვერ ვუშვებდი, ძალა არ მქონდა ხელში... იქ აღარ წავსულვარ... მერე დალაგებებზე დავდიოდი, საათობრივად ვალაგებდი სახლებს. წელიწადზე მეტი, ასე ვშოულობდით კაპიკებს. ეგ ამერიკისთვის მართლა კაპიკები იყო. ჩემი ყოფილი ქმარიც ფიზიკურად მუშაობდა. ერთმანეთს ვამხნევებდით. მახსოვს, ერთხელ ხელჩაკიდებული მოვდიოდით ქუჩაში, ვუთხარი, გავა წლები და გაგვახსენდება ეს დრო, როცა ორივე ჩუმად ვართ იმიტომ, რომ გასამხნევებელი სიტყვები გაგვითავდა მეთქი...
- გაგახსენდათ?
- მე კი. და მას არ ვიცი. ერთად აღარ ვართ.
- ემიგრაციაში დაშორდით?
- ჰო... და მაშინ გავაცნობიერე რეალურად, რა იყო ემიგრაცია. სახლში რომ მოვედი სამსახურიდან და სინათლე არ ენთო ფანჯრებში... უფ, აღარც მინდა გავიხსენო. მაგრამ, რაც არ გვკლავს, მართლა გვაძლიერებს!
- ემიგრაციაში ცხოვრებამ თუ შეგცვალათ და როგორ?
შემცვალა? ეს სიტყვა არაა! ძლიერი გავხდი! ვიპოვე ახალი ნიჭი საკუთარ თავში და აღმოვაჩინე, რომ კულინარია ჩემი სფეროა. ამას ვუყურებ არა მხოლოდ როგორც საჭმელს, არამედ, როგორც ხელოვნებას და ძალიან მომწონს დღევანდელი ჩემი პროფესია მზარეულები უკეთ გამიგებენ, 10-12 საათი ფეხზე დგომა არაა მარტივი. თუ ეს საქმე არ შეგიყვარდა, ასე თავს ვერ გადადებ. მენტალურადაც გცვლის ეს ქვეყანა. თავისუფლების ფასი ვისწავლე... ცოტა გულჩვილობაც შემომეპარა, ქართულ სიმღერებზე მეტირება ზოგჯერ. ქართული დროშის დანახვა გულს მიჩქარებს. ქართველი დიზაინერების სამოსს ვიცვამ. აქ უფრო მეტად დავაფასე ჩვენი კულტურა და გემოვნება!
- რით განსხვავდება იქაური ცხოვრება აქაურისგან?
აქ, ქუჩაში ხალხი გიღიმის. უცხო ადამიანები გესალმებიან, ქათინაურებს გეუბნებიან. მაღაზიაში გამყიდველები, დღეს როგორ ხარო, გეკითხებიან. იმდენი მადლობა და ბოდიშია გარშემო, ზოგჯერ მგონია, რომ სამოთხეში ვარ. მეორე მხარეც აქვს, არც ისე სასიამოვნო. აქ თითქმის ყველა ემიგრანტი რობოტია. ავად გახდომის უფლება არ გაქვს. კვირაში ერთი დღე ისვენებ და მაშინაც თავს დამნაშავედ გრძნობ, იმხელა გადასახადები გაქვს, ვერ აძლევ თავს დასვენების უფლებას.
- სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში დიდი პოპულარობით სარგებლობთ...
„ტიკტოკი“ მაშინ გავაკეთე, როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, ყურადღება მინდოდა სხვა რაღაცაზე გადამეტანა, რომ ბევრი არ მეფიქრა. ვერც ვიოცნებებდი ამდენ გამომწერზე. ჩემი შვილი დამცინოდა, რაღა დროს შენი ტიკ-ტოკიაო. დღეს, თავისი ვიდეოების დარეპოსტებას მთხოვს (იცინის). არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ ასე სწრაფად შემიყვარა ხალხმა. ამ ქსელმა გადამარჩინა... ძალიან დიდ სითბოსა და პოზიტივს ვიღებდი ქართველებისგან, რაც ასე მაკლდა... როგორც ჩანს, პროფესია ჟურნალისტი მომენატრა და ამით ვივსებდი დანაკლისს... დღეს ფეისბუკზეც ვაქტიურობ და აქაც უამრავი გამომწერი შევიძინე. შერეული კონტენტი მაქვს, კულინარია, მუსიკა, იუმორი... ვცდილობ, პოზიტივი ვაჩუქო ადამიანებს. მიხარია, თუ გამომდის.
- ნინო, ყველაზე მეტად რა გენატრებათ?
ჩემი შვილის სუნი კისერში, ჩემი ძაღლის მოფერება, ონკანის წყალი, ჰაერი, ჩემი სპორტდარბაზის კიბეები, მეგობრები, ოჯახი. ოჯახური სითბო მენატრება. სამსახურიდან დაღლილს, ვინმე ოჯახის წევრი ჩაის ან ყავას რომ მოგიმზადებს, ეგ მენატრება...
- სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბროთ.
ემიგრაციაში, ყველა ერთი ორი წლით ჩამოვდივართ. ყველას გვგონია, რომ ამ დროში ყველაფერს შევძლებთ. აქ სხვა რეალობა გვხვდება და ვეფლობით ჭაობში. მადლობელი ვარ ამ ქვეყნის, იმ შესაძლებლობების, რაც ამერიკამ მომცა. მაგრამ არ მინდა ძალიან ღრმად ფსკერში ჩასვლა. თუ ღმერთი ინებებს, მალე დავბრუნდები, ოღონდ, არ მკითხოთ, რამდენი წელია ეს მალე, ჯერ ვერ გამოვითვალე. მათემატიკა ჩემი ძლიერი მხარე არაა( იცინის). ერთი ზუსტად ვიცი, ჩემი საქართველო მანდ არის, მე დავბრუნდები!