ყაზახეთის მთავრობა მასობრივი საპტროტესტო აქციების ფონზე გადადგა

tokaevi

ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია საშუალება DW-ი ავრცელებს.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ხოლო მთავრობის მოქმედი წევრები თავიანთ მოვალეობებს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე განაგრძობენ.​

გაზის, ბენზინისა და დიზელის საწვავზე ფასებს სახელმწიფო დაარეგულირებს, ტოყაევმა ანტიმონოპოლიურ ორგანოს დაავალა, რომ 180 დღის განმავლობაში თხევად გაზზე, ბენზინსა და დიზელზე ფასები დაწესდეს. გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურმა გასცა ბრძანება „სოციალურად მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტების“ ფასთა რეგულირებაც მოხდეს.

ყაზახეთში აქციები გაზის გაძვირებას მოჰყვა. საპროტესტო აქციები 2 იანვარს დაიწყო. როგორც მომიტინგეებმა სააგენტო KazTAG-ს განუცხადეს, 1-ლი იანვრიდან ლიტრი თხევადი აირის ფასი 120 ტენგემდე (0,24 ევრო - რედ.) გაიზარდა.

4 იანვარს ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა აქციის მონაწილეებსა და უშიშროების წარმომადგენლებს შორის შეტაკება გამოიწვია. კერძოდ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ტარაზში, აქტაუსა და სხვა დასახლებებში შეტაკების შესახებ. ალმა-ატაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა გაარღვია პოლიციის კორდონი ქალაქის ცენტრში. რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს ქვეყნის დედაქალაქ ნურ-სულთანში.

4 იანვარს დღის მეორე ნახევარში აქტაუში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. სამხარეო მთავრობის შენობაში გამართული სხდომის შემდეგ გადაწყდა, რომ გაზის ფასი 50 ტენგემდე დაიწიოს, მაგრამ ამ დაპირებამ ​აქციის მონაწილეები არ შეაჩერა.

საგანგებო მდგომარეობა ალმა-ატასა და მანგისტაუს რეგიონში გამოცხადდა. მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ტოკაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ალმა-ატაში და რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მანგისტაუს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ახსნა „საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, კანონისა და წესრიგის აღდგენის და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვის აუცილებლობით“. საგანგებო მდგომარეობა 5-დან 19 იანვრამდე იმოქმედებს.

საგანგებო მდგომარეობის ხანგრძლივობის განმავლობაში, სხვა საკითხებთან ერთად, გაძლიერებულია საზოგადოებრივი წესრიგისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვა, შეზღუდულია გადაადგილების თავისუფლება, ასევე საგანგებო ზონიდან შესვლა და გამოსვლა. მიმდინარეობს დოკუმენტების შემოწმება და პირადი ჩხრეკა, მშვიდობიან მოსახლეობაში.

შეკრებები და მასობრივი ღონისძიებები აკრძალულია და კომუნიკაცია შეზღუდულია ყაზახეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, კომენდანტის საათი გამოცხადდა ალმა-ატასა და მანგისტაუს რეგიონში 23:00 საათიდან 07:00 საათამდე.​