დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილის მიერ კიევის ცენტრში შეძენილი ფეშენებელური კერძო სახლის შეძენის შესახებ იუწყება. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინული გამოცემის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში. საქმე ეხება „სლუგა ნაროდას“ წევრს, 39 წლის პაველ ხალიმონს.
„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ანონიმურმა წყარომ მათ აცნობა, რომ კიევის ცენტრში მდებარე ფეშენებელური სახლი 2022 წელს, ომის მიმდინარეობის დროს გაყიდეს. ოფიციალურად სახლი ანასტასია კოტელენეცზეა გაფორმებული.
როგორც პუბლიკაციის ავტორები წერენ, ისინი რამდენჯერმე იმყოფებოდნენ სახლთან და იქ მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილე ხალიმონი და ასევე, ანასტასია კოტელენეციც დააფიქსირეს.
ამასთან ერთად, ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ 2021 წელს კოტელენეცმა ასევე შეისყიდა 45 მიწის ნაკვეთი. სულ 80 ჰექტარი. ჟურნალისტები ასევე აცხადებენ, რომ კოტელენეცმა ეს მიწა საკმაოდ იაფად შეისყიდა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ნაკვეთის გამყიდველი არის ანდრეი ზორი, რომელიც გახლავთ კომპანია „აგრო ჰაუსის“ დამფუძნებელი. ამ კომპანიის დირექტორი კი „სლუგა ნაროდას“ წევრი პაველ ხალიმონია. ჟურნალისტების დასკვნით, ხალიმონი ანასტასია კოტელენეცთან კავშირის დამალვას ცდილობს.
რაც შეეხება კიევის ცენტრში მდებარე სახლს, გამოძიების მიხედვით, ის 10 მილიონ 300 ათას გრივნად გაიყიდა. ჟურნალისტების ცნობით, ამავე ტერიტრიაზე მდებარე ანალოგიური სახლების ღირებულება 50-60 მილიონი გრივნაა. შესაბამისად, კოტელენეცმა ეს სახლი საბაზრო ღირებულებაზე ხუთ-ექვსჯერ იაფად შეიძინა.
ხალიმონი ამჟამად, უკრაინის მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელი მოადგილის თანამდებობის გარდა, ასევე იკავებს აგრარული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს და არის ჩერნიჰივის ოლქში მმართველი პარტიის რეგიონული ორგანიზაციის მეთაურიც.