„ცხედრებს ზოგი ეზოში მარხავს, რადგან იციან, რომ მათ სანახავად არავინ მივა“ - რას ყვება ქალი, რომელიც მოხუც მშობლებთან ერთად მარიუპოლიდან გაიქცა

მარიუპოლი

ნატალია ჰაიეტსკა, რომელმაც ოჯახთან ერთად მარიუპოლიდან გაქცევა შეძლო, CNN-ს უყვება, როგორი რთული გზა გაიარა იქამდე, სანამ სამშვიდობოს მიაღწევდა.

ნატალიამ მარიუპოლი ოჯახთან და 4 კატასთან ერთად დატოვა. 

„ხალხს მიცვალებულები გზასთან ახლოს მიჰყავს და საბნებს აფარებენ. ცხედრებს ზოგი ეზოში მარხავს, რადგან იციან, რომ მათ სანახავად არავინ მივა“,- ჰყვება ნატალია.

ემოციურად იხსენებენ ომის დღეებს ნატალიას მშობლებიც. მის დედას არ სჯერა, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მამას კი იმის იმედიც არ აქვს, რომ თავის სიცოცხლეში ისეთი მარიუპოლის ნახვას შეძლებს, როგორიც ის აქამდე იყო. 

„მე 84 წლის ვარ და ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ეს საშინელება. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მოხდა. უბრალოდ შოკი იყო, მაგრამ ახლა ეს რეალობაა. მადლობელი ვარ ჩემი შვილის ნატალიასი, რომ გადაგვარჩინა“, - ამბობს ნატალიას დედა.

„მარიუპოლი, რომელიც დავტოვე, შეიძლება დაბრუნდეს 3 000 წელს, იმიტომ, რომ იქ ახლა მხოლოდ ნანგრევებია, მაგრამ მე ამდენ ხანს ვერ ვიცოცხლებ. “, - აღნიშნავს მამა. 

UNHCR-ის მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ, ქვეყანა დაახლოებით 3,5 მილიონზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა.