გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ქართველი მებრძოლები - გია ბერიაშვილი და დავით რატიანი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდნენ. 17 მარტს, ხუთ კილომეტრში კიევიდან, ქალაქ ირპენთან ბრძოლაში, ქართველი მეომრები, სამხედრო ოპერაციიდან გამოსვლისას, ნაღმტყორცნების ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ. მოგვიანებით რუსი სამხედროების ტყვიას ემსხვერპლა ჩვენი მესამე მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა, ქალაქ მარიუპოლის დაცვისას... საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
უნდა ვიცნობდეთ ქართველ გმირებს, რომლებიც უკრაინაში ჩვენს საერთო მტერთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. ისინი ხომ იქ საკუთარ სამშობლოს იცავდნენ მტრისგან, რომელიც წლებია მოსვენებას გვიკარგავს. ამიტომ მათი სახელი უკვდავყოფას იმსახურებს...
ამჯერად "პრაიმტაიმი" გია ბერიაშვილს გაგაცნობთ. ის ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში დაიბადა. განათელბის მიღების შემდეგ ქვეყანას ბოლომდე ჯარისკაცად ემსახურა. დარჩა ერთადერთი, 22 წლის ქალიშვილი...
ქართველ მებრძოლს მისი ტყუპისცალი და, ლია ბერიაშვილი გაგვაცნობს. უკვე ოთხი წელია ლია ლონდონში ცხოვრობს. გარდა ყოველდღიური სამუშაოსი, ის ქართულ საკვირაო სკოლაში, ქართველ ბავშვებს ქართულ სიმღერას ასწავლის. ამ მძიმე წუთებში ლონდონის ქართული დიასპორა გვერდში უდგას და ყველას უზომოდ ემადლიერება...
ლია ბერიაშვილი: - მე და გიამ უმაღლესი განათლება თბილისში მივიღეთ. შემდეგ მე ცხინვალის ვანო მაჩაბლის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი გავხდი, გიამ თავისი ცხოვრების წესად ჯარისკაცობა აირჩია.
სკოლა რომ დავამთავრეთ, 1993 წელს, გიალო ვერ დააკავეს, მაინც წავიდა ჯარში, მუხროვანის სპეცრაზმში... იმსახურა და იქიდან მოყოლებული სულ ამ სტრუქტურაში იყო, ბოლომდე... იყო ზურაბ ჟვანიას დაცვაში. ჩემმა ოჯახმა მისი გარდაცვალება ძალიან განიცადა. გია ასევე იყო გენერალურ ინსპექციაში.
სიმართლე გითხრათ, მის სამსახურებზე, ასე დეტალურად არ ვსაუბრობდით. ჩვენ ორივე სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულები ვიყავით ბავშვობიდან. ძალიან გულწრფელად და ალალად, ჩვენ-ჩვენი პროფესიებით ვემსახურეთ ჩვენს ქვეყანას. ჩემმა ძმამ ეს საბოლოოდ დაამტკიცა კიდეც.
გია ყოველთვის გმირი იყო ჩემს თვალში. ჩვენს ქვეყანაში ღირსეული რომ ხარ, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს გმირობის ტოლფასია. სუფთა გულის კაცი იყო.
იყო ყოველთვის ბობოქარი და ხმაურიანი. კაზრეთში რომ ჩამოვიდოდა, ყველამ იცოდა, რომ გიალო ჩამოვიდა. გამარჯობას მონოტონურად და ჩუმად კი არ ამბობდა, რიხით, ჯიგრულად დაიძახებდა. მოიკითხავდა მეზობელს, მეგობარს, ნაცნობს, ამ მთას თუ იმ მთას... ყველა იგებდა მის ჩამოსვლას.
კაზრეთის პირველი საშუალო სკოლა დავამთავრეთ და ზუსტად ვიცოდი, ჩემი ძმა კიბეებზე როდის ადიოდა. ოთხ კიბეს ერთად აირბენდა, გადაევლებოდა და რომ შედიოდა, სკოლა ზანზარს იწყებდა. ჩვეულებრივი სიარულით არ დადიოდა. დედა გრძნობდა, რომ გიალო სხვანაირი იყო, შვიდ დედმამიშვილში გამორჩეული. დედას სულ სხვანაირად ელაპარაკებოდა...
მამა რომ გარდაიცვალა, მე და გია სამი წლის და სამი თვის ვიყავით. არც გვახსოვს. ვფიქრობ, მამას საიქიოში გავიცნობთ.
დედა ბობოქარი ქალი იყო. უფრო დედაკაცი იყო, ამდენი შვილი რომ ვებარეთ, სხვანაირად არ შეეძლო... დედამ თავის გასვენების დღეს გვაჩვენა, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. უბრალო ადამიანი იყო, მაგრამ მისი გასვენების დღეს მივხვდით, როგორი ყოფილა სინამდვილეში. ზღვა ხალხი მოვიდა. საზოგადო მოღვაწისთვის არ მიუგიათ ასეთი პატივი, როგორც დედას. ჩემი ძმაც ასეთი იყო, გულიანი და კეთილი.
მე და გიალო ტყუპები ვიყავით... ტყუპები... ამ ბობოქარ ბიჭს ისეთი კეთილი გული ჰქონდა და ისეთი გულჩვილი იყო. კეთილ დევს ჰგავდა. რომ გაიზარდა ისევ ისეთივე ბავშვური დარჩა, როგორიც იყო. ძალიან სუფთა ადამიანი გახლდათ.
ასაკში რომ შევედი და ოჯახი არ მქონდა, ნერვიულობდა. ეს ჩემთვის არასდროს უთქვამს, მაგრამ სხვებისგან გამიგია, რომ ამაზე ნერვიულობდა.
სულ მეშინოდა, რომ ამ ომში არ წასულიყო. შინაგანად მებრძოლი ადამიანი იყო, სულითა და გულით, მთელი არსებით. არასდროს მოსწონდა რუსული პოლიტიკა, ოკუპანტ რუსეთს სულ მტრად აღიქვამდა.
ჩემი ძმა 2008 წლის აგვისტოშიც სამშობლოს დასაცავად იქ იდგა, სადაც ის საქართველოს სჭირდებოდა. ზუსტ ადგილს ვერ დაგისახელებთ, ჩვენ ამაზე ასე დაწვრილებით არ ვსაუბრობდით, არც თვითონ ჰყვებოდა. მე რაც მაინტერესებდა, იყო მისი კარგად ყოფნა. მთავარი იყო, ამ არეულ დროში, ჩემი ძმის ხმა გამეგონა. მეტი არაფერი მინდოდა.
ის, რომ გია ბერიაშვილი თანამდებობის პირი იყო, ამ მომენტით არასდროს გვისარგებლია, ამით არ გვიცხოვრია. ჩვენ ძალიან უბრალო ადამიანები ვართ... ჩემი ძმა დედაჩემის ნაყიდ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. მისთვის სამშობლო მეწველი ძროხა (მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის) არასდროს ყოფილა. მას არასდროს უსარგებლია თავისი სამსახურით და სახელით. მას ცხოვრება უყვარდა და ცხოვრობდა სამშობლოს, მეგობრების, ოჯახის სიყვარულით... ამით იყო ბედნიერი. მომხვეჭელობა ჩემი ოჯახისთვის ძალიან დამაკნინებელი რამაა. ეს თვისება მას არ ჰქონია. მისთვის ორგანული სამშობლოს სიყვარული და მის სამსახურში ყოფნა იყო.
ცხოვრობდა, უყვარდა, უხაროდა, ბედნიერი იყო. იცხოვრა რწმენით - სამშობლო უპირველეს ყოვილისა! ამას თავისი ქცევითა და დამოკიდებულებით გამოხატავდა.
ჩვენ, სამწუხაროდ, ჭიქით და სადღეგრძელოთი გვიყვარს სამშობლო და რეალურად მას არ ვემსახურებით. ასე არ არის სწორი. სამშობლოს სხვა სიყვარული სჭირდება. ახლა ისეთი პროტესტი გამიჩნდა ამ სადღეგრძელოების.....
მეოთხე წელია საქართველოდან წასული ვარ. ამ ხნის მანძილზე ჩემი ქვეყნის გასაჭირი და ტკივილი მუდმივად ჩემთანაა და არ გამნელებია. არ ვიცი, რა ჰქვია ამ მდგომარეობას, თვალი რომ გრჩება შენს სამშობლოზე...
გასული წლის აგვისტოში ჩამომაკითხა, მნახა... უკანასკნელად...
დაო, ხომ გნახეო, მითხრა. ბევრი ვემუდარე დარჩენილიყო. ცოტა ხანი იყო. მოვისიყვარულე.
აქაური ტაძრის მრევლი ამ ჭირში გვერდით დამიდგა. უზომოდ მადლიერი ვარ ყველასი, ასევე ძვირფასი ადამიანების - მეუფე ზენონი და მამა დოროთე... ქართული საკვირაო სკოლის კოლექტივის.
ამ სკოლის ქართულის მასწავლებელმა, ია იორამაშვილმა შემომთავაზა, რომ მათ მოსწავლეებს ქართული სიმღერა ვასწავლო. მე პროფესიონალი მომღერალი არ ვარ, სინდისი, სმენა და გემოვნება მაქვს და ვცდილობ, ბავშვებს უცხო მიწაზე, სიმღერ-სიმღერით ვასწავლო ქართული სიტყვები. ღონისძიებებს ვაკეთებთ...
მე აქ ქართველებთან ვცხოვრობ, ძალიან ძვირფას ოჯახში. ძალიან გვერდში დამიდგნენ. მიკვირს, რომ მესმის, უცხოეთში ერთმანეთს არ ეხმარებიან ქართველებიო. ყველა კარგი ქართველი მე შემხვდა... ძალიან კარგი და ღირსეული დიასპორაა აქ. მათი მადლიერი ვარ.
ეს ამბავი თუ მჭირს არ მგონია, თავი სიზმარში მგონია.
წინათგრძნობა? ახლა არა, მაგრამ 2008 წელს, სანამ ომში წავიდოდა, წინა ღამით სიზმარი ვნახე. არც კი ვიცოდი, რომ ომი დაიწყო და გია საომრად აპირებდა წასვლას.
დამესიზმრა, მანქანით მოვარდა და მეძახდა, ლია, ლია, კურტკა გადმომიგდეო. ამ სიცხეში რა დროს ტყავის კურტკაა-მეთქი, ვკითხე. მეჩქარება, გადმომიგდეო. მეორე დღეს გავიგე, რომ ომი დაიწყო და ვიფიქრე, რომ გიაც წავიდოდა.
ახლა, უკრაინაში, გაიპარა. ვის გაეპარა?!... ისე ვარ ჩემს ძმაზე გაბრაზებული...
შიში დამეუფლა და მთლიანად მომიცვა. ვერ ვურეკავდი, ჩემმა ზარმა საფრთხე არ შეუქმნას-მეთქი და ვწერდი მხოლოდ, როგორ ხარ-მეთქი? ჩამოდი-მეთქი მივწერე. ვიცოდი, რომ არაფერს მომწერდა. ამაზე არაფერი უპასუხია. კარგად ვარო, რომ მომწერდა, ვმშვიდდებოდი.
ბოლოს რომ მივწერე და არ მიპასუხა, მარიამს, მის 22 წლის ქალიშვილს შევეხმიანე. არც მათ ჰქონდათ ინფორმაცია. მერე ირლანდიაში მცხოვრებმა ძმისშვილმა გამაგებინა, გიალო აღარ გვყავსო...
ჩემი ძმა უკრაინაში თავის სამშობლოს იცავდა. ძალიან მინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. ძალიან ვგულშემატკივრობ. უკრაინის გამარჯვებით, ბოროტების იმპერია დასრულდება. პუტინის რუსეთი ბოროტების იმპერიაა და ჩემი ძმა ამას ებრძოდა.
თავმოყვარე კაცი სახლში რუსებს არ უნდა უშვებდეს, რადგან მისი ტერიტორია რუსების მიერ ოკუპირებულია. ისინი ლტოლვილები არ არიან. წავიდნენ მათ მიერ ოკუპირებულ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, ჩვენთან რატომ ჩამოდიან?
ოხ, როგორ მტკივა ჩემი გიალო... აქ მარტო ვაკვდები ამ ჩემს ტკივილს. ვუყურებ მის ვიდეოებს, ფოტოებს და რა გავაკეთო, არ ვიცი. მტერს რომ არ ვუსურვებ, ისეთი მძიმეა ასეთი ძმა რომ მოგიკვდება. ბერომ ეს გააკეთა, ბერომ ის გააკეთა... სულ ეს მესმის. კიდევ კარგი ტაძარში მივდივარ და იქ შვებას ვპოვებ.
ძალიან მტკივა ჩემი ძმა. უკანასკნელ გზაზე ვერ ვაცილებ, ვერ დავიტირებ და უსაშველოდ მტკივა... რა ვქნა, უნდა გავუძლო ამ ტკივილს ისე, როგორც ბევრი უძლებს საქართველოში სამშობლოსთვის გარდაცვლილი გმირების ტკივილს...
არ მინდა, რომ უკვალოდ ჩაიაროს მათმა სისხლმა: დავით რატიანის, ბახვა ჩიქობავას, შვიდმეტი შინდისელის, გიორგი ანწუხელიძის, ჩემი ძმის... თავისუფლება მოუტანოს ჩემს სამშობლოსაც და უკრაინასაც.
მე და ჩემ ძმას, გონებაში, ერთი წუთითაც არ გვიღალატია სამშობლოსთვის. არასოდეს. მეგობრობის დღიურში მერვე კლასელს სულ სამშობლოზე დამიწერია... ჩვენს ბავშვობაში სამაჩაბლოს ომი იყო. ეს ისე ჩაილექა ჩვენში, რომ სხვა საფიქრალი არ გვქონია.
ჯერ არ ვიცით, როდის ჩამოასვენებენ სამშობლოში ჩემი ძმის ცხედარს. ახლა უკვე ჩემი საფიქრალი მხოლოდ ესაა.