პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის კრიზისი - მხოლოდ ეს ფრაზა ისმის დღეს ყველა მთავარ პოლიტიკურ არენაზე და იმ ქალაქებში, სადაც მსოფლიო ლიდერები სხვადასხვა ფორმატში მსჯელობენ საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი მთელ მსოფლიოს უქმნის.
დღეს მთავარი ქალაქი მიუნხენია, უსაფრთხოების კონფერენცია ფაქტობრივად მთლიანად მოსალოდნელ ომს ეძღვნება, თუმცა მთავარი აქტორის, რუსეთის გარეშე.
უკრაინის კრიზისი მსოფლიო ლიდერებს საქართველოს ახსენებს. დღეს უკვე ყველა ამბობს, რომ მოსკოვი 2008 წლის ომის სცენარით მიდის. უსაფრთხოების კონფერენციამ ბავარიის დედაქალაქში მთელი მსოფლიოდან გადაწყვეტილების მიმღებ 450-ზე მეტ პირს მოუყარა თავი. გერმანიაშია საქართველოს დელეგაციაც.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და რუსეთის მხრიდან გადადგმულ პროვოკაციულ ნაბიჯზე საუბრობს.
"მოვლენები ბოლო 20-24 საათის განმავლობაში იმ სცენარიდან არის, რომელიც უკვე რეალიზდება და რითაც მცდარი პროვოკაციები, მათზე რეაგირება და უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის განვითარება იქმნება.
მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათელი მოვფინოთ იმას, რასაც ვხედავთ. ამან შესაძლოა, რუსეთს კურსი შეაცვლევინოს. ჩვენ ყველანი - კოლეგებთან ერთად - სრულ მზადყოფნას ვინარჩუნებთ, რათა დიპლომატიურ პროცესში ჩავერთოთ, თუმცა ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით.
ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ! ფაქტები კი ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ შორის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ ამ ბოლო დროს გაჟღერებული ინფორმაციის მიუხედავად, ეს სულაც არ ხდება ასე რეალობაში," - აცხადებს ენტონი ბლინკენი.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო კი მაბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასიური კონფლიქტის წინაშე დგას ევროპა.
"დღეს აქ ყველა უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასიური კონფლიქტის წინაშე ვდგავართ ევროპაში. ვხედავთ 100 ათასზე მეტ რუს სამხედროს უკრაინის საზღვრებთან.
ჩემი მთავარი გზავნილია, რომ უკრაინა არის მშვიდობიანი ქვეყანა, იქ მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ და არასდროს და არავის მიმართ ვყოფილვართ აგრესიულები, ჩვენ არ გვსურს ომი, თუმცა ახლა რისკი იმისა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მორიგ აგრესიას განახორციელებს, ძალიან მაღალია.
იმედი გვაქვს, რომ ნაპოვნი იქნება ამ სიტუაციაში დიპლომატიური გამოსავალი - წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა არჩევანი არ გვექნება გარდა იმისა, რომ საკუთარი ძალებით დავიცვათ ჩვენი ქვეყანა,ჩვენი ქალაქები, ჩვენი რეგიონი და ჩვენი სურვილი,რომ ვიყოთ წარმატებული და მშვიდობიანი ქვეყანა, რომელიც ევროპული ოჯახის ნაწილია,"-აცხადებს ვიტალი კლიჩკო.
რაც შეეხება ამერიკელი გენერალ ბენ ჰოჯესის პოზიციას, იგი ამბობს, რომ თუ რუსეთი კიევში შეიჭრება, საქართველოსთვის ამას ნეგატიური შედეგები ექნება.
"რუსეთი პრაქტიკულად უკრაინას ყელში უჭერს და ცდილობს იგი დაახრჩოს, რათა ჩამოშალოს ქვეყნის ეკონომიკა და ჩამოამხოს მისი მთავრობა. რა თქმა უნდა, თუ შავი ზღვის რეგიონში მოსკოვს ეს გამოუვა, ამას ექნება ნეგატიური შედეგი საქართველოსთვის, ჩაითრევს მოლდოვასაც და ყველას რეგიონში, თუ მას არ შევაჩერებთ.
ერთის მხრივ კი, ეს არის შესაძლებლობაც, რადგან ახლა ყველამ ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც ყურადღება გადაიტანეს შავ ზღვაზე.ისინი ხვდებიან,თუ რამდენად დიდი მნიშვნელობისაა ეს რეგიონი.
ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ჩემი ქართველი მეგობრები გამოიყენებენ ამ შანსს, რათა კარგად აუხსნან პარტნიორებს საქართველოს როლი, მისი როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის პოტენციალი,რომელიც რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას დაეხმარება," - აცხადებს ბენ ჰოჯესი.