უკრაინელი სამხედრო ექსპერტის განცხადებით, რუსეთმა საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა შესაძლოა, ომის დაწყების წინაპირობად გამოიყენოს, როგორც ეს 2008 წელს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში მოხდა

რუსეთ-უკრაინა

„დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა რუსეთმა შესაძლოა, ომის დაწყების წინაპირობად გამოიყენოს, როგორც ეს 2008 წელს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გააკეთა“, – განაცხადა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, მიკოლა სუნჰუროვსკიმ.

ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. 

ექსპერტის თქმით, მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს რუსული პასპორტები დაურიგა.

ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის სეპარატისტულ რაიონებში მოსკოვმა რუსეთის პასპორტი 720 000-ზე მეტ ადამიანს მისცა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, დონეცკის და ლუგანსკის მცხოვრებლებს რუსული პასპორტების აღება გამარტივებული წესით შეუძლიათ.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 50-ჯერ დაარღვიეს, დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საბავშვო ბაღი დასახლება სტანიცა ლუგანსკაში.