1740388520
როგორც არასდროს, გვჯერა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, თუკი ერთად ვიმუშავებთ და მოლაპარაკების მაგიდასთან თავისუფლების ძლიერი დამცველები - აშშ, ევროპა და უკრაინა იქნებიან წარმოდგენილი - ვოლოდიმირ ზელენსკი

მშვიდობის დამყარების პირობებსა და უსაფრთხოების გარანტიებზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე ისაუბრა, რომელშიც შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც მონაწილეობდა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში კიევიც უნდა იყოს ჩართული.
„აუცილებელია, შეხვედრაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების პირობები განვსაზღვროთ. უკრაინელ ხალხს ყველაზე მეტად აინტერესებს, იქნება თუ არა შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერა. როგორც არასდროს, გვჯერა, რომ მყარი და გარანტირებული მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია თუკი ერთად ვიმუშავებთ და მოლაპარაკების მაგიდასთან თავისუფლების ძლიერი დამცველები - შეერთებული შტატები ევროპა და უკრაინა იქნებიან წარმოდგენილი“, - განაცხადა ზელენსკიმ.