ნახეთ, 10 უმდიდრესი ადამიანი რომელთა ქონება პანდემიის დაწყებიდან გაორმაგდა, მაშინ როცა მოსახლეობის 99%-ის შემოსავალი შემცირდა

10 უმდიდრესი ადამიანი

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება 700 მილიარდიდან 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ამის შესახებ BBC ორგანიზაცია Oxfam-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, სახელწოდებით „უთანასწორობა კლავს“.

ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლის მარტიდან 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება დღეში 1,3 მილიარდი დოლარით იზრდება. ამასთან, დედამიწის მოსახლეობის 99%-ის შემოსავალი შემცირდა და 160 მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა.

Oxfam​-ში მიაჩნიათ, რომ მილიარდერების გამდიდრებას იმ ეკონომიკურმა დახმარებამაცშეუწყო ხელი, რომელიც პანდემიის ფონზე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა ბიზნეს-სექტორს გაუწია. „თუ ხვალ ეს 10 ადამიანი ქონების 99,999%-ს დაკარგავს, მაინც პლანეტის მოსახლეობის 99%-ზე მდიდრები იქნებიან“, - განაცხადა Oxfam International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაბრიელა ბუხერმა.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ყოველდღიურად უთანასწორობა სულ მცირე 21 ათასი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ჯანდაცვაზე, არიან გენდერული ძალადობის, შიმშილისა და კლიმატის ცვლილებების მსხვერპლნი.

კვლევის მიხედვით მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანთა შორის დასახელდნენ:

ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, ბერნარ არნო და მისი ოჯახი, ბილ გეითსი, ლარი ელისონი, ლარი პეიჯი, სერგეი ბრინი, მარკ ცუკერბერგი, სტივ ბალმერი და უორენ ბაფეტი.