სასამართლომ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო

გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

მას ბრალად ახალგაზრდა მასწავლებლის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება ედება.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. უწყების განმარტებით, ბრალდებული ლანჩხუთში დააკავეს, სადაც მიმალვაში იყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მალანიას 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„ბრალდებულ გ.მ.-ს მიმართ პროკურატურას შემოტანილი აქვს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, რადგან არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძველი. ფაქტობრივი საფუძველი არის იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საქმეშია წარმოდგენილი. ფორმალური საფუძველი არის მტკიცებულებების განადგურების, თავიდან აცილების საფრთხე და ასევე, მიმალვის საფრთხე. ვითხოვთ იმიტომ, რომ აღნიშნული საფრთხეები არსებობს აღნიშნული ბრალდებულის მიმართ. მისი დაკავება მოხდა გადაუდებლად, რადგან ის აპირებდა მიმალვას. იმყოფებოდა ლანჩხუთში ერთ-ერთ სოფელში და სწორედ მიმალვის მცდელობისას იყო დაკავებული“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან პროკურორმა, ქეთევან სონიძემ.

როგორც ცნობილია, გიორგი მალანია 1 ივლისს დააკავეს. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ მას ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა. თუმცა, 3 ივლისს პროკურატურამ გიორგი მალანიას ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე წარუდგინა.