1734793091
„ვესროლე კაცს, რომელმაც ქმარი მომიკლა, ახლაც იგივეს ვიზამდი" - იტალიური მაფიის პირველი ქალი-ბოსი გარდაიცვალა
რამდენიმე დღის წინ იტალიაში 86 წლის ასაკში იტალიური მაფიის პირველი ქალი-ბოსი ასუნტა მარესკა გარდაიცვალა - ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება Corriere del Mezzogiorno ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ასუნტა მაფიურ დაჯგუფებას „კამორას“ ხელმძღვანელობდა, მას კრიმინალურ წრეებში "თოჯინის" მეტსახელით იცნობდნენ.
ასუნტა მარესკა თავის დროზე იმით გახდა ცნობილი, რომ აქტიურად მონაწილეობდა ორი მაფიოზური დაჯგუფების - "ახალი კამორასა' და "ახალი ოჯახის" გარჩევებში.
1954 წელს, როდესაც 18 წლის იყო, ასუნტა მარესკამ საქალაქო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც "კამორის" ერთ-ერთ გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტზე იქროწინა, თუმცა "თოჯინისთვის" ეს ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა - მამაკაცი მალევე მოკლეს.
1955 წელს, ექვსი თვის ფეხმძიმე ასუნტამ ქმრის სავარაუდო მკვლელი დაცხრილა. გამოძიების ვარაუდით, მაშინ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე შეიარაღებული მაფიოზი იმყოფებოდა, მაგრამ ქმრის მკვლელობაზე შური უშუალოდ ასუნტა მარესკამ იძია.
1959 წელს გამართულ სასამართლო პროცესზე ქალმა დემონსტრაციულად განაცხადა, რომ არაფერს ნანობდა და რომ კვლავაც იმავეს გააკეთებდა.
"ჩემი ეს არჩევანი ცრემლებითა და პრობლემებით გადავიხადე. კაცს, რომელსაც ვესროლე ახლაც იგივეს ვუზამდი, რა უნდა მექნა, თავი მომეკლა? ორსულად ვიყავი." - მიმართა "თოჯინამ" მოსამართლეს.
ასუნტას ქმრის მკვლელის მკვლელობისთვის 13 წლითა და 4 თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ციხიდან 10 წლის შემდეგ გამოვიდა. პატიმრობის დროს მან პირველი შვილი, პასკალინო გააჩინა და სწორედ ეს გახდა შემამსუბუქებელი გარემოება.
ამის შემდეგ, პუპეტა მარესკა არაერთხელ გამოჩნდა იტალიურ კრიმინალურ ქრონიკებში, როგორც მაფიის აქტიური წევრი.
ცოტა ხნის შემდეგ კი მეორედ გათხოვდა - კვლავ "კამორას" ბოსზე უმბერტო ამატუროზე.
1982 წელს კი ქალი თავად გახდა დაჯგუფების ხელმძღვანელი, ანუ la prima donna boss della camorra - დაჯგუფება "კამორას" ბოსი პრიმადონა.
ასუნტა მარესკამ 1967 წელს "თოჯინა" ცნობილი გახდა მსახიობობითაც, მან მთავარი როლი შეასრულა ფილმში "დანაშაული პოზილიპოში", რომელიც რეჟისორმა რენატო პარავიჩინიმ გადაიღო. ფილმში მას რიტა სავანიონე ახმოვანებს, მაგრამ ის თავად მღერის მის მიერ დაწერილ სიმღერას "O bbene mio".
ამის შემდეგ ნეაპოლში ტანსაცმლის ორი მაღაზია გახსნა და ცოტა ხნის შემდეგ, კვლავ მგზნებარე რომანის შუა გულში აღმოჩნდა. "თოჯინას" 1970 წელს კამორისტა უმბერტო ამმატურო შეუყვარდა, რომელთანაც ტყუპი შვილი - რობერტო და ანტონელა შეეძინა.
ამმატუროსთან დედის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო მისი უფროსი შვილი პასკუალე, რომელიც 1974 წელს ჩასაფრებით მოკლეს, თუმცა ცხედარი ვერ იპოვეს. ამბობდნენ, რომ ის გაიტაცეს, ქვაზე მიაბეს და ზღვაში გადააგდეს. პასკუალე არ თანხმდებოდა დედის ურთიერთობას ამმატუროსთან და არაერთხელ დაემუქრა მათ.
ამის გამო ამმატურო მაშინვე ეჭვმიტანილი იქნა მკვლელობის საქმეში, მაგრამ პუპეტამ ეს ჰიპოთეზა სერიოზულად არ მიიღო. ამმატურო დააპატიმრეს, მაგრამ 1975 წლის აპრილში იგი მტკიცებულებების არ ქონის გამო გაამართლეს. მიუხედავად ამისა, ამ ორს შორის ურთიერთობა მაინც გაფუჭდა და ისინი დაშორდნენ.
როდესაც ამმატურო პერუში, ახალი ლამაზი და მდიდარი შეყვარებულის, იოჰანა ვალდესის გარემოცვაში დააკავეს, მარესკამ თქვა:
"ჩემთვის უმბერტო აღარ არსებობს, დარჩა მხოლოდ ჩემი შვილების მამად, რომლებსაც უყვართ ის და პატივს სცემენ, როგორც ეს მათი მოვალეობაა."
გარდა ამისა, მარესკას ცხოვრება არაერთი კინოფილმის შექმნის ინსპირაციის წყარო გახდა - მისი ცხოვრების წესსა და პიროვნებაზე გადაღებულია რამდენიმე ფილმი: "გამოწვევა", "პუპეტა მარესკას საქმე“, "პუპეტა: სიმამაცე და ვნება".