გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
უკვე 17 დღეა რაც რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი და ოპერატორი ტატო კახიძე, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, უკრაინაში იმყოფებიან. ახალ ამბებს, კურიერის მაყურებელს დღეში რამდენჯერმე უყვებიან.
ბექასთვის პირველი ომია სადაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. 2008 წლის აგვისტოს ომში, ის 18 წლის იყო და დამპყრობელს ნამდვილი იარაღით ებრძოდა. მტერი ამჯერადაც რუსია, ის ისევ ბრძოლის ველზეა, ოღონდ ამჯერად მიკროფონით...
მისი ოპერატორისთვის, ტატოსთვის, მეორე ომია - ყარაბაღის ომშიც იმყოფებოდა.
როგორია რეპორტიორების თვალით დანახული უკრაინის ომი, მათი განცდები და ემოციები? „პრაიმტაიმი“ კურიერის გადამღებ ჯგუფს უკრაინაში ესაუბრა.
„უკრაინაში პოლონეთიდან ჩავედით. პირველი შეჯახება ემოციებთან პოლონეთი - უკრაინის საზღვარზე გვქონდა. ვნახეთ რიგში მდგარი ომს გამოქცეული ადამიანები, რომლებიც მეზობელ ქვეყანაში ცდილობდნენ გადასვლას. ერთი ღამე, უკრაინელ ლტოლვილებთან ერთად, მინუს 10 გრადუსში რკინიგზის სადგურზე გავათენეთ. იმ დღეს უკრაინაში ვერ შევედით, მატარებლით პოლონეთში მოგვიწია დაბრუნება. ქალაქ კრაკოვამდე უკრაინელებთან ერთად მოგვიწია მგზავრობა...
მეორე დღეს გადავკვეთეთ უკრაინის საზღვარი. მას შემდეგ ვცდილობთ ყველგან მივიდეთ სადაც ცხელი წერტილია. მაქსიმალურად ვფარავთ უკრაინის დასავლეთ ნაწილს... ვცდილობთ ჩვენს მაყურებელს ვაჩვენოთ და მოვუყვეთ ის რეალობა, რაც ახლა, ამწუთას უკრაინაში ხდება.“ - ამბობს ბექა პატურაშვილი.
„ამ ომიდან ბევრი რამ არასდროს დამავიწყდება. ვერასდროს დავივიწყებ ადგილობრივების განწყობას და შემართებას. ასეთი ერთიანობა რასაც აქ ვხედავთ არ გვინახავს არსად და კეთილი შურით მშურს. მინდა, რომ ჩვენი ხალხიც ასეთი ერთიანი იყოს ნებისმიერი გამოწვევის დროს. არ აქვს მნიშვნელობა, ქალი, კაცი, ბავშვი თუ მოხუცი, ყველა მაქსიმალურად მობილიზებულია...
ცდილობენ რაღაც სასარგებლო აკეთონ ქვეყნისთვის. ზოგმა შეიძლება ქუჩაში მიმავალმა ავტომობილმა უცნობი ადგილობრივი დაინახოს, გააჩეროს და სადაც მიდის ადგილამდე მიიყვანოს. პატრიოტული სულისკვეთება იგრძნობა ყველგან და ყველაფერში. ყოველ ღამე, ქუჩაში, ხმის გამაძლიერებლებში ხან სირენის ხმა ისმის და ხანაც უკრაინის ეროვნული ჰიმნი.
ბევრი ქალი ვნახეთ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბავშვებს გადავიყვანთ პოლონეთში, დავტოვებთ ნათესავებთან, უკან დავბრუნდებით და თუ საჭირო იქნება და მოგვცემენ შესაძლებლობას, ავიღებ იარაღს და მტერს შევებრძოლებითო. ვლოვში ძალიან ბევრი ცენტრია გახსნილი სადაც სამხედრო ინვენტარს ამზადებენ. გადავიღეთ ახალგაზრდები, რომლებიც კამუფლაჟის ბადეებს ქსოვდნენ ჯავშანტექნიკაზე გადასაფარებლად.
ჩართული ჰქონდათ საინფორმაციო გამოშვება და ყოველ ახალ ინფორმაციას, სადაც გადმოსცემდნენ, რომ უკრაინელებმა მტრის ჯავშანტექნიკა გაანადგურეს, დიდი ემოციებით ხვდებოდნენ. იქვე იყო ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც ტიროდა. როცა გამოველაპარაკეთ, გვითხრა, რომ მისი ახალგაზრდა შვილი ბრძოლის ველზე იმყოფებოდა, თვითონ კი ამ ცენტრში, კამუფლაჟის ბადისთვის ქსოვილს ამზადებდა. ინტერვიუს ბოლოს, ყველას სათქმელი ერთია: ჩვენ ამას აუცილებლად გადავიტანთ! ემოციური რეპორტაჟი გამოვიდა.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, ერთ-ერთ დაბომბილ ქალაქში ვიმყოფებოდით. ადგილობრივმა ბიჭმა გვიმასპინძლა. მეუღლე და შვილები გახიზნული ჰყავდა პოლონეთში, თვითონ მოხალისედ იყო დარჩენილი ქვეყანაში. ორი დღე ამ ადამიანის სახლში ვიცხოვრეთ. საკუთარი მანქანით დავყავდით და ექსკურსიამძღოლობას გვიწევდა. პროფესიით ადვოკატი გახლდათ და ასეთი რამ გვითხრა, რაც ომი დაიწყო, ჩვენს ქალაქში არც ერთი კრიმინალური ფაქტი არ მომხდარაო. ეს რაც შეეხებოდა პოზიტიურ განცდებს და ემოციებს.“- ამბობს ბექა.
„აქ სასტუმროს ვერ იშოვი, ვერც ვლოვში და ვერც სხვა ქალაქებში. სტაბილური საცხოვრებელი არ გვაქვს, ერთი ან ორი დღით გვიწევს ადგილობრივების სახლებში ქირით ცხოვრება. როცა განგაშის სიგნალი ისმის, მაშინ გაურკვეველი დროით სადღაც თავშესაფარში გადავდივართ.
შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად ვლოვში ვართ, მაგრამ სულ გადავაადგილდებით, დღეში 200 ხანაც 300 კილომეტრს გავდივართ სხვა ქალაქში მოსახვედრად. ვიგებთ თუ არა რომ რომელიმე ქალაქი დაიბომბა, მაშინვე გადასაღებად მივდივართ. სადაც უფრო მეტი საფრთხე არსებობს და მის სიღრმეში შევდივართ, უფრო ხშირია შემოწმებები. საათობით ვდგავართ გზაზე სადაც პოლიცია გვამოწმებს.
გუშინ იყო შემთხვევა როდესაც დაზვერვა, პოლიცია და ჯარისკაცები, სახლში დაგვადგნენ. დავუნახივართ, რომ კამერით შემოვედით. ერთი საათის განმავლობაში გვამოწმებდნენ. ამოწმებენ ყველაფერს, ტექნიკას, მათ შორის ტელეფონებს, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და ა.შ.ასეთ დროს, ჩვენს რეპორტაჟებსა და ჩართვებსაც კი ნახულობენ, აინტერესებთ რა კონტექსტში ვაშუქებთ საომარ მოქმედებებს. როცა ყველაფერს არკვევენ, მადლობას გვიხდიან ყველაფრისთვის და გვიხსნიან, რომ ეს მათი მოვალეობაა და ჩვენც გაგებით ვეკიდებით.
გარდა იმისა, რომ სამართალდამცველები გვამოწმებენ, ადგილობრივებსაც გადავუმოწმებივართ. ცოტა ხნის წინ უკრაინელი გოგო ჩავწერეთ, ინტერვიუს დასასრულს მეც და ჩემს ოპერატორს პასპორტები მოგვთხოვა, ბოლოს გვკითხა, მართლა ვიყავით თუ არა ჟურნალისტები. მათთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ კამერით და მიკროფონით ვართ. არავის ენდობიან, ესეც გასაგებია ჩვენთვის, რადგან ბევრი დივერსანტია, რომლებიც პროვოკაციებს აწყობენ.
კიევში იყო შემთხვევა კიევში, როცა დივერსანტების ჯგუფი შენიღბული ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. მანქანაზე „TV“ ეწერათ. როგორც აღმოჩნდა, სინამდვილეში დივერსიების მოსაწყობად იყვნენ. აქედან გამომდინარე, თავიდან ყველა ეჭვის თვალით გვიყურებს, მაგრამ რაღაც მომენტში გვეხმარება ის, რომ ქართველები ვართ. ადგილობრივების უმრავლესობა დადებითად არის განწყობილი ჩვენი ერის მიმართ.“ - ამბობს ბექა.
„როცა ადგილობრივებს ვუყვებით, რა ვნახეთ და რა გადავიღეთ, თვალები უფართოვდებათ და გვეკითხებიან - არ გეშინიათ? თუ შიშმა აგიტანა, ეს პანიკას გამოიწვევს, რომელიც დამეთანხმებით, რომ დამღუპველია. გააზრებული გვაქვს, რომ ვართ ქვეყანაში სადაც ომია და არ ხარ დაცული, ხელშეუხებლობის არანაირი გარანტია არ გაქვს, მაგრამ ჩვენი პროფესიის ხალხი ძირითადად ცოტა არ ვართ ნორმალურები.
საითაც მეტი საფრთხეა პირდაპირ იქით მივიწევთ, უფრო მეტი აზარტი გვაქვს. როცა სამუშაო დღეს ვამთავრებთ, მერე ვაცნობიერებთ, სად ვიყავით რა გადავიღეთ და რა საფრთხეები იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავზე ხელაღებული უნდა იყო და რისკები არ გათვალო. რა თქმა უნდა ვაფასებთ, ვიაზრებთ და ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ მიუხედავად იმისა, რომ ომს და რუსეთის აგრესიას წესები არ აქვს.ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს ვინ გყავს გვერდით. ერთია, რომ საომარი მოქმედებების დროს, შენს თავს გაუწიო კონტროლი და ემოციები აბალანსო და მეორე - როგორი ფსიქიკის ადამიანი გყავს გვერდით. ამ ამბავში, მე და ტატო კარგად ვაბალანსებთ ერთმანეთს. ჯერჯერობით მყარად ვდგავართ. ჩვენი ოცნებაა კიევში ჩავიდეთ და გამარჯვებული უკრაინა გადავიღოთ.“
„საღამოობით ოჯახის წევრების დამშვიდება და ტყუილის თქმაც გვიწევს. ვეუბნებით, რომ აქ ყველაფერი რიგზეა და ა.შ. როცა ჩართვებს და რეპორტაჟებს ნახულობენ, ხვდებიან და ყველაფერი ისე არ არის როგორც ვეუბნებით. ისინიც გაგებით ეკიდებიან და ცდილობენ ხელი შეგვიწყონ. ასეთ სიტუაციაში ძალიან დიდი ფასი აქვს ყველა ემოციას. ჩვენი ოჯახის წევრებიც იაზრებენ, რომ ძალიან დიდი ისტორიული პროცესის თანამონაწილეები ვართ.“- ამბობს ბექა.
„ბოლო სამ წელიწადში, ეს ჩემთვის მეორე ომია. ყარაბაღში რამდენიმე დღეს გაგრძელდა საბრძოლო მოქმედებები... ჩემი მეხსიერებიდან არასდროს ამოიშლება ბავშვების თვალები, საიდანაც ომი შიში ჩანს და მათი ჭუჭყიანი რბილი სათამაშოები, რომლებზეც ომის კვალია... ვერ ხვდებიან რატომ დაერქვათ ომის შვილები.“ - ამბობს ტატო კახიძე.