დიდმა ბრიტანეთმა 200 უკრაინელი პილოტი მოამზადა, რომლებსაც F16-ზე ფრენა შეუძლიათ

პილოტი

დიდმა ბრიტანეთმა მოამზადა 200 უკრაინელი პილოტი, რომლებსაც ამერიკულ ავიაგამანადგურებლებზე, F16-ზე ფრენა შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლუკ პოლარდმა გაავრცელა.

„დღეს შედგა სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების საწყის სკოლაში უკრაინელი პილოტების გამოშვების ოფიციალური ცერემონია. ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლუკ პოლარდი და ბრიტანეთში უკრაინის ელჩი, ვალერი ზალუჟნი ესწრებოდნენ“, - წერია დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების პოსტში X-ში.

პოლარდმა დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, „რამდენიც საჭირო იქნება“.

ცნობისთვის, F16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია უკრაინამ 2024 წლის ივლისის ბოლოს მიიღო. აგვისტოს ბოლოს კი მან ერთი თვითმფრინავი დაკარგა. F16-მა რუსეთის სარაკეტო იერიშის მოგერიების დროს კატასტროფა განიცადა. მაშინ გამოცდილი უკრაინელი პილოტი, ალექსეი მესი დაიღუპა.