ცნობილია ბრალდებულის ვინაობა, რომელმაც ვაკეში ბიზნესმენი მოკლა
1742239112
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ მოლაპარაკებებში უკრაინისთვის „წითელი ხაზები“ დაასახელა. აღნიშნულის შესახებ სიბიგამ „ერ-ბე-კა-უკრაინასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„არსებობს ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც არ განიხილება, რომლებიც ხელშეუხებელია. პირველი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს; მეორე – არცერთ ქვეყანას არ აქვს ვეტო-ს უფლება უკრაინელი ხალხის არჩევანზე, უკრაინის არჩევანზე ამა თუ იმ კავშირში მონაწილეობის შესახებ, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო; მესამე, არ შეიძლება არსებობდეს რაიმე შეზღუდვა უკრაინის თავდაცვისუნარიანობაზე, არანაირი შეზღუდვა ჩვენი არმიის ძალაზე, ჩვენს შესაძლებლობებზე. ეს ფუნდამენტური საკითხებია, რომლებიც იციან ჩვენმა პარტნიორებმა. რუსეთი პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული. ეს ყველაფერი ყოვლისმომცველი მშვიდობის ელემენტებია. შეგახსენებთ, ისინი ასევე გაწერილი იყო ჩვენს „მშვიდობის ფორმულაში“, ისინი ასახავენ იმ მიდგომებს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს პოზიციას საერთაშორისო არენაზე. ჩვენთვის პრინციპული ფუნდამენტური საკითხებია: „არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“, „არაფერი ევროპის შესახებ ევროპის გარეშე““, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
ამასთან, უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ნატო-ს საკითხი დღის წესრიგიდან, არ შეიძლება, მოიხსნას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე პარტნიორებს შორის კონსენსუსი არ არსებობს, ეს არის დაფიქსირებული უკრაინის კონსტიტუციაში და ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია.
30-დღიანი ზავის შეთავაზებაზე საუბრისას ანდრეი სიბიგამ ასევე განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებამდე რუსეთმა დამატებითი პირობები არ უნდა წამოაყენოს.
„უკრაინამ მიიღო ამერიკული მხარის ის შეთავაზება და, შესაბამისად, სარკისებურად რუსული მხარეც ასევე უნდა მოიქცეს“, – აღნიშნა სიბიგამ.