ვინ არის და რა ქონებას ფლობს რიში სუნაკი, რომელიც სამეფო ოჯახზე მდიდარია

რიში სუნაკი

44-დღიანი პრემიერობის შემდეგ ლიზ ტრასმა თანამდებობა დატოვა. განცხადება ტრასმა 20 ოქტომბერს გააკეთა.

ოპონენტები ლიზ ტრასს ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებდნენ. ტრასის მიერ შეთავაზებულმა ცვლილებებმა, გადასახადების შემცირებამ, ბრიტანეთის ეკონომიკურ ბირჟებზე აურზაური გამოიწვია, დაეცა გირვანქა სტერლინგის ღირებულება.

შექმნილი პრობლემების გამო, ტრასმა საჯაროდ აღიარა დაშვებული შეცდომები, პრობლემების მოსაგვარებლად, ფინანსთა მინისტრი შეცვალა. შემდეგ კი თავად მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი რიში სუნაკია.

42 წლის სუნაკი პირველი ფერადკანიანია, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერი გახდა. ის ასევე, ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი იქნება, რომელიც ქვეყანას ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

 

ახალი პრემიერის ქონება

Sunday Times-ის თანახმად, 2022 წლისთვის სუნაკისა და მისი ცოლის ქონება 877 მილიონ დოლარს აღწევს და დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის არიან. ის პირველი წამყვანი ბრიტანელი პოლიტიკოსი იქნება, რომელიც ამ სიაში მოხვდა 1989 წლის შემდეგ. მათი შემოსავლის მთავარ წყაროდ ტექნოლოგიური და ჰეჯ-ფონდები სახელდება. გარდა ამისა, აკშატა მურთი 0.91%-იან წილს ფლობს Infosys-ში და სხვა წყაროების თანახმად, მისი ქონება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. კიდევ ერთი გამოცემა, „გარდიანი“ კი წერს, რომ სუნაკი ქვეყნის მასშტაბით 15 მილიონი დოლარის უძრავ ქონებას ფლობს.

აღსანიშნავია, რომ Infosys-ი აქტიურად მოღვაწეობდა რუსეთშიც. თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კომპანია „ინტერესთა კონფლიქტის“ გამო იძულებული გახდა რუსული ბაზარი დაეტოვებინა. როგორც აპრილში NDTV წერდა, „ინტერესთა კონფლიქტი“ მდგომარეობდა იმაში, რომ ბრიტანეთის ხაზინის ხელმძღვანელი სუნაკი, რომლის მეუღლეც Infosys-ის მილიარდი დოლარის აქციებს ფლობს, შემოსავალს ლონდონის მიერ სანქცირებული რუსეთიდან იღებდა.

Ifosys პროგრამულ კოდებს შეიმუშავებს და IT სერვისების ექსპორტს ეწევა. მის კლიენტებს შორის არის SAP, Microsoft და Oracle. ბანგალორში, Infosys-ის კამპუსს 2004 წლის დეკემბერში პუტინიც სტუმრობდა. დღეს უკვე პრემიერმინსიტრ სუნაკს ბრიტანეთის ხაზინის ხელმძღვანელად მუშაობის დროს რუსეთის ბაზარზე შემოსავლის მიღების გამო აკრიტიკებდნენ, რაც მისი მეუღლის კომპანიის საქმიანობას უკავშირდებოდა.

ბრიტანეთის ახალი პრემიერის სიმდიდრე ბევრს ეჭვს უჩენს, რომ ის შორსაა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის საჭიროებებისგან და კარგად არ იცნობს მათ.

ფაქტია, ახლა სუნაკს რთულ მდგომარეობაში მყოფი ბრიტანეთის ეკონომიკის ჩაბარება მოუწევს, ქვეყანაში ინფლაცია 40-წლიან მაქსიმუმზე, 10.1%-ზეა. ლიზ ტრასის გეგმებმა არ გაამართლა, სუნაკი კი უფრო პასუხისმგებლობიან პოლიტიკას ჰპირდება მოსახლეობას, თუმცა როგორ აპირებს ქვეყნის დახსნას, ამის დეტალებზე საჯაროდ ბევრი არ უსაუბრია.