უმძიმესი ავარია, რომელშიც ბრალი ქართველ ადვოკატს ედება - გარდაცვლილია პასტორი და მისი მეუღლე

ქუთათელაძე

15 მარტს, აშშ-ში,  ქალაქ ნასაუს ოლქში, უმძიმესი ავარია მოხდა. მომხდარზე ბრალი 36 წლის დიანა ქუთათელაძეს წაუყენეს. 

ნიუ-იორკის შტატის პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქუთათელაძე, რომელიც ოუშენსაიდში ცხოვრობს, შემთხვევის დროს  შავი ფერის, 2020 წლის  Cadillac Escalade-ს მართავდა. 

გამოცემა People-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქუთათელაძის ავტომობილმა „გვერდი გაჰკრა" BMW-ს, რომელიც მარცხენა ზოლში მოძრაობდა. 

„ქუთათელაძემ საჭეზე კონტროლი დაკარგა. გადაკვეთა გამყოფი ზოლი და საპირისპირო მიმართულების ზოლებში გადავიდა, რის შედეგადაც ის რამდენიმე ავტომობილს, მათ შორის 2016 წლის შავ  Toyota Highlander-ს შეეჯახა",- ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შემთხვევას ორი ადამიანის - 82 წლის დონალდ მაქსველისა და 88 წლის ლისენტ ბ. მაქსველის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ორივე მათგანი  Toyota Highlander-ში იმყოფებოდა - ისინი ადგილზევე დაიღუპნენ. 

დონალდი ადგილობრივი პასტორი იყო. ეკლესიის წარმომადგენლები და გარდაცვლილთა ოჯახი მომხდარზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. 


პოლიციის ინფორმაციით, „შეჯახებაში 6 ავტომობილი, 10 მძღოლი/მგზავრი იყო ჩართული".

უცხოური მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.  მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. 

პოლიციის ვარაუდით, ავტოკატასტროფა სიჩქარის გადაჭარბებამ და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვამ გამოიწვია. 

 

36 წლის დიანა ქუთათელაძეს ბრალად ედება: დამამძიმებელ გარემოებებში სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით მკვლელობა, პირველი და მეორე ხარისხის გაუფრთხილებლობით მკვლელობა ავტომობილით, სატრანსპორტო საშუალების მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში, გაუფრთხილებელი/სახიფათო მართვა.

ABC7-ის ცნობით, ქუთათელაძე შეჯახების მომენტში ავტომობილს  70მილი/საათში (112კმ/სთ) სიჩქარით მართავდა. მის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0.10-ს შეადგენდა, რაც კანონით დაშვებულ ზღვაზე მაღალია. 

უცხოური მედიის ცნობით, ქუთათელაძემ, რომელიც სასამართლო სხდომაზე ეტლით გამოცხადდა, აღიარა, რომ საჭესთან დაჯდომამდე ვისკი და გაზიანი სასმელი მიიღო. თუმცა, ქუთათელაძე წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

როგორც NYpost წერს, ავტომობილში დიანა ქუთათელაძესთან ერთად, მისი მეუღლე, თეიმურაზ ქუთათელაძე იმყოფებოდა. ქუთათელაძის მეუღლის მდგომარეობა ამჟამად კრიტიკულად მძიმეა. მას აღენიშნება ისეთი დაზიანებები, როგორებიცაა: ტვინში შინაგანი სისხლჩაქცევა, ორივე ფეხის ბარძაყის,  ძვლისა და ნეკნების მოტეხილობა. 

უცხოური მედიის ცნობით,  დიანა ქუთათელაძე აკრედიტებული საიმიგრაციო ადვოკატია, რომელიც Kutateli Legal Aid Group“-ს წარმოადგენს. 

დიანასა და მის მეუღლეს 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. 

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ქუთათელაძეს 8-25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.