უკანონოდ გადაიღო არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი, რომელიც სკოლების მოსწავლეებში გავრცელდა - დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

კადრების გავრცელება

საქართველოს პროკურატურამ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

"თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ გადაიღო და ინახავდა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც შემდგომ საჯარო სკოლების მოსწავლეებში გავრცელდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.