„დღეიდან, 40 დღის განმავლობაში...“ - საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სიონი

დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით.

მორწმუნე მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება შეეძლება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე.

ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება. ამის გათვალისწინებით, სასულიერო პირების მიერ პანაშვიდი 11:00-დან 16:00-მდე და 18:00-დან 22:00 საათამდე განუწყვეტლივ აღევლინება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.