უკრაინის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ უკრაინის მოკავშირეებს, იგივე სიმტკიცით დაიცვან უკრაინის საჰაერო სივრცე, როგორც ისრაელის საჰაერო სივრცე დაიცვეს

უკრაინის საგარეო უწყება

მოვუწოდებთ უკრაინის მოკავშირეებს, იგივე სიმტკიცით დაიცვან უკრაინის საჰაერო სივრცე, როგორც ისრაელის საჰაერო სივრცე დაიცვეს, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყებამ კატეგორიულად დაგმო ირანის მასიური სარაკეტო თავდასხმა ისრაელის წინააღმდეგ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არასდროს უნდა იყოს თავდასხმის სამიზნე.

„უკრაინა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს არაფრით პროვოცირებულ შეიარაღებულ აგრესიას, ეწინააღმდეგება არა მხოლოდ აგრესორ სახელმწიფოს [რუსეთს], არამედ მის თანამზრახველებსაც, განსაკუთრებით ირანს, რომელიც აწვდის რუსეთის რეჟიმს იარაღს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. ჩვენ ვგმობთ ირანის რეჟიმის ქმედებებს, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს ერთდროულად ორ რეგიონში: ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის მოკავშირეებისა და პარტნიორების სწრაფ რეაგირებას, რომლებმაც მიიღეს პრევენციული ზომები ისრაელის ტერიტორიაზე ირანის ამ სარაკეტო თავდასხმების უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად. ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის მოკავშირეებს, დაიცვან უკრაინის საჰაერო სივრცე იგივე სიმტკიცით და უყოყმანოდ რუსული სარაკეტო და დრონების თავდასხმებისგან, იმის აღიარებით, რომ ადამიანის სიცოცხლე ერთნაირად ძვირფასია მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში“, - განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.