1749577630
თურქეთში, მეფე მიდასის სამშობლოში სამეფო აკლდამა იპოვეს

თურქეთში, ქალაქ გორდიონში ლეგენდარული მეფე მიდასის ნათესავის სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით 2 800 წლის წინ დაიღუპა.
გორდიონი იყო ფრიგიის სამეფოს დედაქალაქი, რომელიც ძვ. წ. 1200-დან ძვ. წ. 675 წლამდე არსებობდა. სამარხში ათობით იშვიათი არტეფაქტია ნაპოვნია, მათ შორის დიდი ქვაბები და ბრინჯაოს ჭურჭელი, რაც მოწმობს იმაზე, რომ მიცვალებული მაღალი სტატუსის მქონე პირი, სავარაუდოდ სამეფო ოჯახის წევრი იყო.
თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, მეჰმეტ ნური ერსოის თქმით, სამარხი დაკავშირებულია მეფე გორდიასის, ანუ „ლეგენდარული მიდასის“ ნათესავებთან. მიდასი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მმართველია ფრიგიის ისტორიაში. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მას შეეძლო ოქროდ ექცია ყველაფერი, რასაც კი შეეხებოდა.
აღმოჩენილი სამარხი ახალ შუქს ფენს მიდასის ლეგენდების ისტორიულ საფუძველზე. ყველა არტეფაქტს რესტავრაცია ჩაუტარდება, სარკოფაგი კი გორდიონის მუზეუმში წლის ბოლომდე გამოიფინება.
გორდიონში გათხრები უკვე 75 წელია მიმდინარეობს, თუმცა არქეოლოგები ჯერ კიდევ შორს არიან კვლევების დასრულებისგან. „ის ტერიტორია, სადაც ჯერ არ ჩატარებულა გათხრები, გაცილებით დიდია, ვიდრე ის, სადაც უკვე ჩატარდა“, - განაცხადა გათხრების თანახელმძღვანელმა იუჯელ შენიურთმა.