თეთრი სახლი - პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში აშშ კუბას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღებს

tetri saxli

პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში აშშ კუბას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღებს.

განცხადება აღნიშნულის შესახებ თეთრმა სახლმა გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო.

ამის შემდეგ კუბაში განაცხადეს, რომ ეტაპობრივად გაათავისუფლებენ 553 პატიმარს, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის იყვნენ დაკავებული.

კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიაზ-კანელმა განაცხადა, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება არის ნაბიჯი „სწორი მიმართულებით“.

კუბა ტერორიზმის მხარდამჭერთა სიაში დონალდ ტრამპმა თავისი პირველი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში, 2021 წელს დააბრუნა, რითიც აკრძალა აშშ-ის ეკონომიკური დახმარება და ქვეყანაში იარაღის ექსპორტი.

ამჟამად კუბა ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასა და ირანთან ერთად არის აშშ-ის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიაში. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ ისინი მიჩნეული არიან ქვეყნებად, რომლებმაც „არაერთხელ გაუწიეს მხარდაჭერა საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“.