თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ აშშ ჩინეთისთვის 104%-იან ტარიფებს ხვალიდან აამოქმედებს

აშშ

აშშ ჩინეთისთვის 104%-იან ტარიფებს ხვალიდან აამოქმედებს. ინფორმაცია თეთრ სახლში დაადასტურეს. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპი სხვადასხვა ქვეყანასთან მოლაპარაკებების განსხვავებულ მიდგომას გამოიყენებს.

მისივე თქმით, ტრამპს ექნება „ინდივიდუალური, მორგებული“  მიდგომა თითოეული ქვეყნისადმი, რაც შეიძლება მოიცავდეს ისეთ თემებზე მსჯელობას, როგორიცაა საგარეო დახმარება ან ამა თუ იმ ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, მოლაპარაკებები დაეფუძნება „ამერიკის საჭიროებებს“.

მისივე თქმით, ტარიფების გეგმაზე საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო.

ლევიტის განცხადებით, ამჟამად თითქმის 70 ქვეყანა არის თეთრ სახლთან მოლაპარაკებების პროცესში.

ამასთან, როგორც თეთრ სახლში ამბობენ, ტრამპს „სჯერა, რომ ჩინეთს შეთანხმების დადება სურს“.

ლევიტის თქმით, ჩინეთის მხრიდან საპასუხო ზომები შეცდომა იყო და სწორედ ამიტომ აწესებენ მათ მიმართ 104%-იან ტარიფებს.

კეროლაინ ლევიტის განმარტებით, ჩინეთი თუ დაუკავშირდება ვაშინგტონს, ტრამპი იქნება „არაჩვეულებრივად კეთილგანწყობილი“, მაგრამ იმუშავებს ამერიკის ინტერესებისთვის. მისივე განცხადებით, მხოლოდ პრეზიდენტი გადაწყვეტს, შეუძლიათ თუ არა ქვეყნებს ტარიფების განაკვეთების შემცირება.

ბრიფინგზე ლევიტს ჰკითხეს, შეუძლიათ თუ არა ქვეყნებს, რომლებსაც შეეხოთ 10%-იანი „საბაზისო“ ტარიფის განაკვეთი, მოლაპარაკებები აწარმოონ უფრო დაბალი გადასახადის შესახებ. ლევიტი პასუხობს, რომ ამ საკითხს პრეზიდენტს მიანდობს, მაგრამ ტარიფები გრაფიკის მიხედვით ამოქმედდება.