დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პოლიტიკოსი

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიციის „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორის განმარტებით, ჯაფარიძემ არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას გულისხმობს.

პროცესზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა ჯაფარიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა. მისი თქმით, მოსამართლე ნანა შამათავა სანქცირებულთა სიაშია, სიის შედგენაში დასავლელ პარტნიორებთან კი აქტიურად მუშაობდა ჯაფარიძე, რაც ჩომახაშვილის თქმით, ეს ყველაფერი აჩენს ეჭვებს, რომ მოსამართლე ობიექტური ვერ იქნება.

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. მოსამართლე ნანა შამათავამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ უსაფუძვლო იყო.

ამასთან, პროკურორის თქმით, ჯაფარიძის მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეც. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ჯაფარიძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე საფუძველს მოკლებულია.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არალეგიტიმურ პარლამენტში არანაირი კომისიაზე მისვლას არ აპირებს. მისივე თქმით, ის გირაოს თანხის გადახდასაც არ აპირებს.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.