ტერაქტი ანკარაში - დაღუპულია 4 და დაშავებულია 14 ადამიანი

ტერაქტი ანკარაში

თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის, TUSAŞ-ის შტაბბინაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 14 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ავრცელებს.

ამასთან, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას ცნობით, „განეიტრალებულია“ ორი ტერორისტი.

ანკარაში სახელმწიფო კომპანიის შენობასთან მობილიზებული არიან უსაფრთხოების ძალები და სამაშველო ჯგუფები.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაში.

თურქული მედიის ცნობით, კომპლექსის შესასვლელ ჭიშკართან ჯერ აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც სროლა დაიწყო.

ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის კამპუსში 15 ათასი ადამიანია დასაქმებული. ეს არის სახელმწიფო კომპანია, რომელიც აწარმოებს სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს, ასევე დრონებს.