შესაძლოა, AI-ის წყალობით მომავალში მხოლოდ 2 დღე ვიმუშაოთ - ბილ გეიტსის პროგნოზი

ბილ გეიტსი

ხელოვნური ინტელექტი (AI) დღითი დღე იხვეწება. ამან გააჩინა ეჭვი, რომ ახლო მომავალში ის სამსახურში ადამიანის ჩანაცვლებას შეძლებს და პროფესიების დიდი ნაწილი უბრალოდ საჭირო აღარ იქნება.

აღნიშნული საკითხის შესახებ ბილ გეიტსმა ჯიმი ფელონის ღამის შოუში გასულ თვეში ისაუბრა. Microsoft-ის დამფუძნებელმა საზოგადოებას საკუთარი პროგნოზები გაუზიარა, რომლებიც მისი კარიერის განმავლობაში კომპიუტერული ტექნოლოგიის განვითარების პარალელურად მომხდარ ცვლილებებს ემყარება. მაგალითად, ასეთი მოწყობილობები თავდაპირველად საკმაოდ ძვირი ღირდა, ახლა კი ხელმისაწვდომია. მილიარდერის აზრით, იმავეს უნდა ველოდოთ ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაშიც.

გეიტსის თქმით, ამჟამად სხვადასხვა სფეროში ცოდნა (იქნება ეს მედიცინა თუ განათლება) იშვიათია, შესაბამისად - დაფასებული როგორც მატერიალურად, ისე მნიშვნელობითაც. ამის მიუხედავად, მომავალ ათწლეულში AI-ის გაუმჯობესების გამო ასეთი ცოდნა ფართოდ ხელმისაწვდომი და უფასო იქნება. ბიზნესმენი ამბობს, რომ ეს ჯანდაცვისა თუ განათლების სფეროში პროფესიონალების ნაკლებობის პრობლემას გადაჭრის.

ამგვარი მოსაზრების გამო გეიტსმა კრიტიკა დაიმსახურა. მისი ოპონენტები ფიქრობენ, რომ მსგავსი პროფესიონალების არსებობა წარმატებული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია. მათ ნაკლებობას ისინი მხარდასაჭერად ჩადებული ინვესტიციების სიმწირეს მიაწერენ. მეორე კონტრარგუმენტი ისაა, რომ AI ჯერჯერობით ამ პროფესიებს სათანადოდ ვერ "ეუფლება" და ხშირად არასწორ პასუხებს აგენერირებს. მაგალითად Google-ის ჩატბოტ Gemini-ს ასახელებენ.

ასეთ სისტემებს ზოგიერთი დაავადების ნიშნების ამოცნობა არ უჭირს, მაგრამ ქალებისა და ფერადკანიანების სპეციფიკურ დიაგნოსტიკურ საჭიროებებს მაინც ვერ ითვალისწინებს. ეს თანამედროვე მედიცინის გამოწვევაცაა, ამიტომ ეჭვობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის "გაპროფესიონალება" ამ პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.

„AI-ის თან დიდი ცვლილებები მოაქვს. მაგალითად, როგორი იქნება მომავლის სამსახური? კვირაში მხოლოდ 2-3 დღე ვიმუშავებთ? მომწონს, როგორ უხსნის გზას ის ინოვაციებს, მაგრამ, ფიქრობ, ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით. რამდენად დავიმორჩილებთ მას? ამგვარი კითხვების გამო ჩნდება საზოგადოებაში შიში. ეს სრულიად ახალი ველია", - ამბობს გეიტსი.

მაშ, ისევ დაგვჭირდება ადამიანის შრომა? ჯიმი ფელონის ამ შინაარსის კითხვას ბილ გეიტსმა შემდეგნაირად გასცა პასუხი: "ბევრ რამეში აღარ".

გამართლდება თუ არა გეიტსის პროგნოზი, მომავალი გვიჩვენებს.