2 დეკემბრიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი კანონი ამოქმედდება - ნახეთ, დეტალები ვის შეეხება ის
1731533136
ახალი კვლევის თანახმად, სამსახურებრივმა გადაღლამ შეიძლება იმოქმედოს ტვინის იმ არეალებზე, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებასა და იმპულსების კონტროლში მონაწილეობს. შედეგად, მათზე ამგვარი ზემოქმედება ემოციების მოთოკვას აძნელებს.
მეცნიერები ამბობენ, რომ მათი უკანასკნელი შედეგები ბმაშია თეორიასთან, რომელსაც ეგოს დაცლა ეწოდება. მისი მიხედვით, ნებისყოფა ზღვრული რესურსია, რომელიც ძალისხმევის გამო იხარჯება. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მენტალური გადაღლის შემდეგ შევისვენოთ და რაიმე მნიშვნელოვანი მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ.
ეგოს დაცლის თეორიის კვლევებით განმტკიცება მარტივი არ აღმოჩნდა. ახალი ნაშრომის ავტორების თქმით, აქამდე ადამიანების თვითკონტროლს მხოლოდ 10-წუთიანი ექსპერიმენტული დავალებების მეშვეობით აკვირდებოდნენ. მათ ახლა ამ დროის გახანგრძლივება გადაწყვიტეს და 44 მოხალისეს 45 წუთის განმავლობაში კომპიუტერულ აქტიურობაში ჩართვა სთხოვეს, როგორიც ვიდეოების ყურებაა.
ერთ ჯგუფს დაევალა, რომ თავი გაეკონტროლებინა, მაგალითად, ემოციები შეეკავებინა. მეორე ჯგუფი ამ მხრივ თავისუფალი იყო. ყველა მათგანს თავზე ელექტროენცეფალოგრაფი ჰქონდა გაკეთებული, რათა მეცნიერებს ტვინში წარმოქმნილი სიგნალები გაეანალიზებინათ.
აღმოჩნდა, რომ პირველ ჯგუფში შემავალი ადამიანების ტვინის პრეფრონტალურ ქერქში, გადაწყვეტილების მიღებასა და იმპულსების კონტროლზე პასუხისმგებელ არალებში, დელტა ტალღები გახშირდა. ეს სწორედ 45-წუთიანი დატვირთვის განმავლობაში მოხდა, მაგრამ მეორე ჯგუფში მსგავსი ცვლილება არ დაფიქსირებულა.
საინტერესო ისაა, რომ დელტა ტალღები, როგორც წესი, ძილში წარმოიქმნება და არა ფხიზლად ყოფნისას. ეს მიანიშნებს, რომ თვითკონტროლისას ადამიანთა ტვინის ზოგიერთი რეგიონი "მიძინებული" იყო.
ამის შემდეგ მონაწილეებს ერთი თამაში შესთავაზეს, სადაც უნდა აერჩიათ, რესურსების გასაზიარებლად კოოპერაცია სურდათ, თუ — არა. მეორე ჯგუფში უმეტესობამ, 86%-მა, თანხმობა განაცხადა, პირველში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 41% იყო. ალტრუიზმის შემთხვევაში ამგვარი სხვაობა არ გამოვლენილა.
მეცნიერებმა მომდევნო ეტაპზე იგივე ცდები სხვა 403 ადამიანზეც გაიმეორეს, მაგრამ ტვინის იმპულსებს არ დაჰკვირვებიან. აქაც აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც თვითკონტროლს ცდილობდნენ, უფრო აგრესიულად იქცეოდნენ. ამგვარი შედეგების მიუხედავად, ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობს, რამდენად საკმარისია ეს მონაცემები რაიმე დასკვნის გამოსატანად.