„მხოლოდ ასე მოვიგებთ...“ - რა გეგმები აქვს უკრაინელ მწვრთნელს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ

ოლეგ ფედორჩუკი - ნაკრები

უკრაინელმა სპეციალისტმა, ოლეგ ფედორჩუკმა საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის ერთა ლიგის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინელი ფეხბურთელები თუ „ჯვაროსნების“ ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას გაანეიტრალებენ, ბათუმში სამი ქულის მოპოვებას შეძლებენ.

„მასპინძელთა გუნდში არის ფეხბურთელი, რომლის გამოც გულშემატკივრები სტადიონზე დადიან, ეს ხვიჩა კვარაცხელიაა – ასეთი აღიარება უნდა დაიმსახურო. რა თქმა უნდა, მომავალ შაბათს „ნაპოლის“ ლიდერი თანაგუნდელებს ბრძოლაში წინ გაუძღვება.

ამიტომ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, გაუძლებს თუ არა უკრაინის ნაკრების მარჯვენა მცველი, ეფიმ კონოპლია ქართველის შეტევებს. თუ გუნდური ძალისხმევით, აქტიური თამაშისა და საიმედო დაზღვევის წყალობით გაგვიმართლა და ხვიჩას განეიტრალება შევძელით, მაშინ დადებითი შედეგის მიღწევის შანსები გაიზრდება“, – განაცხადა ფედორჩუკმა Sport.ua-სთან ინტერვიუში.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი ბათუმში, საქართველოსა და უკრაინას შორის შაბათს, 16 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები B1 ჯგუფში მეორე ადგილებზეა, ხოლო უკრაინა – ბოლოზე.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე