პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ 2 პირს 15 წლით და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის შელაპარაკება მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდებული თავის მეგობარს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

იმავე ღამეს, ბრალდებულები ავტომობილით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაინახეს დაზარალებული, რომელიც მეგობართან ერთად ქუჩაში იმყოფებოდა. მძღოლმა ავტომობილი გააჩერა, მის გვერდით მჯდომი ბრალდებული კი ავტომანქანიდან გადავიდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ერთი ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მეორე ბრალდებული მიიმალა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი ბრალდებული ბ.ს. დამნაშავედ ცნო 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ძებნილი ბრალდებული დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ 25,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობაში დახმარება) და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.