„ასეთ სიკვდილს არ იმსახურებდით, ძმებო...“ - თამაზ ლოხიშვილის პოსტი ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ
1732145400
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველთვიურ გამოცემაში „ჩვენი სოფელი“ მოქალაქეების საყურადღებოდ თევზაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
კერძოდ, განმარტებულია, თუ რომელ ადგილებში და რა საშუალებებით არის თევზაობა აკრძალული.
თევზაობის მოყვარულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აკრძალულია თევზჭერა ელექტროსადგურების მიმყვან და გასავალ არხებში, კაშხლებთან და რაბებთან არაუახლოეს 500 მეტრისა, კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ არხებში და სხვა.
აკრძალულია თევზჭერა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა:
ელექტროდენი
ელექტროშოკური აპარატი
თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოები
ცეცხლსასროლი იარაღები
სახლართი ბადე
ე.წ. ეკრანბადე
მოსასმელი ბადე
სხვა არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადე
იარაღები
ნებისმიერი სახის ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებები
ასევე, იკრძალება თევზჭერა შიდა წყალსატევებში დევნისა დაფრთხობის ხერხებით, წყალსატევების ხერგვითა და შრეტით.
სტატიაში მოცემულია ინფორმაცია სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.
„მთელი წლის განმავლობაში ნებადართულია მხოლოდ სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა ანკესით. გამკაცრებული კანონმდებლობა და სანქციები იმის მიხედვით, თევზჭერის რა საშუალებაა გამოყენებული უკანონო თევზჭერისას და რა რაოდენობის თევზია დაჭერილი, სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა მოქმედებს. მნიშვნელოვანია ისიც, რა ადგილებში ხდება თევზჭერა და რა პერიოდში.
ჯარიმები 120 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს. პარალელურად, სამართალდამრღვევს ჩამოერთმევა მოპოვებული თევზი და თევზჭერის იარაღი.
ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის მასობრივი განადგურების სხვასაშუალებით თევზჭერის შემთხვევაში, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. აღნიშნული სამართალდარღვევა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
ბოლო პერიოდში, ბრაკონიერობის პრევენციისა და შემაკავებელი გარემოს შექმნის მიზნით, მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გამკაცრდა კანონმდებლობა. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში და უკანონო თევზჭერის ფაქტების რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს.
1-ლი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, „ელექტროშოკური აპარატი“ „თევზჭერის ელექტრო იარაღად“ დაკვალიფიცირდა და მისი უკანონო ბრუნვა მკაცრად დარეგულირდება - სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება. თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება და 6 000 ლარი იქნება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს ითევზაონ კანონის დაცვით, ხოლო კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა,ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს“, - აღნიშნულია სტატიაში.