რუსეთი და უკრაინა დაინტერესებული იყვნენ, სტამბოლის მოლაპარაკებისას დაესრულებინათ ომი, მაგრამ მოგვიანებით, მოხდა გარკვეული ჩარევა - მევლუთ ჩავუშოღლუ

მევლუთ ჩავუშოღლუ

ანტალიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრა უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თხოვნით მოხდა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში განაცხადა, სადაც SETA-ს ორგანიზებით მიმდინარეობს ღონისძიება – „მოკავშირეები ანკარაში“.

მისი თქმით, მხარეებს შორის ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა და დიდი შედეგების მოლოდინი არ იყო, მაგრამ ერთმანეთთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო.

„ანტალიის შემდეგ, სტამბოლში გამართული შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული და შინაარსიანი იყო, რომელიც მომლაპარაკებელ ჯგუფებს ჰქონდათ. მანამდე ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ ბელარუსში. მათ მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა გარკვეულ საკითხებში საჭირო იყო თავიანთი პრეზიდენტების ავტორიზაცია. მომავლისთვის მხოლოდ ორი საკითხი დარჩა – დონბასის რეგიონისა და ყირიმის სტატუსი. მოგვიანებით, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი მოკავშირეებისგან, რადგან მათ სჯეროდათ, რომ ომი უნდა გაგრძელებულიყო რუსეთის შესუსტების მიზნით. ეს იყო ზოგიერთი მოკავშირის შეხედულება, მოგვწონდა ეს თუ არა, მათ შორის აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს – ორი მთავარი დასავლელი მოკავშირის“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა, NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები.

„მთავარმა მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ თქვეს – არა, ვფიქრობ, არავის უთქვამს – კი. მე დავურეკე გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე გერმანიას, ზოგიერთი მათგანი კონსტრუქციული იყო იმაში, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივა შეეთავაზებინათ. მაგრამ ზოგიერთმა ქვეყანამ თქვა, – „არა, ეს არ არის ჩვენი მოვალეობა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერაო და ომი უნდა გაგრძელდესო“. სწორედ ამის გამო ვართ დღეს აქ, ომის მეხუთე წელს“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციასა და სხვა ჰუმანიტარულ საკითხებში თურქეთი მასპინძლისა და ხელშემწყობის როლს ასრულებდა.

„ჩვენ მოლაპარაკებების ნაწილი ვიყავით. ორივე მხარე ძალიან იყო დაინტერესებული სტამბოლში დაესრულებინა ომი, მაგრამ მოგვიანებით, როგორც, იბრაჰიმ ბეიმაც ხაზგასმით აღნიშნა, რაღაც მოხდა, გარკვეული ჩარევა, და, სამწუხაროდ, აქ ვართ, ისევ ამ ომში“, – განაცხადა თურქეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, მშვიდობის მიღწევას დიდი დრო სჭირდება, ეს ადვილი არ არის.

„ტრამპი ადმინისტრაციის სათავეში რომ ყოფილიყო, მჯერა, ორივე ქვეყანა არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას, რეალურ პროგრესსაც მიაღწევდა. მაშინდელი ბაიდენის ადმინისტრაცია კი ომის გაგრძელების დიდი მომხრე იყო“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.