რას ჰყვება პოლონელი მამაკაცი, რომლის ეზოშიც მასკის რაკეტის ფრაგმენტი ჩამოვარდა

რაკეტის ფრაგმენტი

ილონ მასკის რაკეტის ფრაგმენტი პოლონელი მამაკაცის ეზოში ჩავარდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

მედიის ცნობით, 19 თებერვალს პოლონელ ადამ ბორუკიმ საკუთარ სახლთან ავარიის მსგავსი ხმა გაიგონა. როდესაც გაკვირვებული მამაკაცი ეზოში გავიდა, ღობესთან საწვავის ავზის მსგავსი რაღაც აღმოაჩინა. ის სასწრაფო დახმარების სამსახურს დაუკავშირდა.

პოლიციამ სწრაფად დაადგინა, რომ სავარაუდოდ, ეს იყო მასკის SpaceX-ის მიერ აშენებული Falcon 9 რაკეტის ნამსხვრევები. ის კოსმოსში, თებერვალში კალიფორნიის ვანდენბერგის საჰაერო ძალების ბაზიდან გაუშვეს.

„ვიძიებთ, თუ როგორ მოხვდა ობიექტი ამ ადგილას, მაგრამ მთავარი ის არის, რომ არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ პოლიციაში მომხდართან დაკავშირებით. მომხდართან დაკავშირებით, პოლონეთის კოსმოსურმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.