1744002807
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემდგომი გასაღების მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტისა და გორის ტერიტორიაზე განათავსა. სხვა ტერიტორიებზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით განთავსებამდე კი, იგი სამართალდამცველებმა თელავში დააკავეს. ბრალდებულის სახლის, ავტომანქანის და პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 66 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, მობილური ტელეფონი, წებოვანი ლენტები, სასწორი, ნიჩაბი და დრონი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, 19-260-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.