ოლივია როდრიგომ საკონცერტო ტურნეს შემოსავლიდან 2 მილიონ დოლარზე მეტი გლობალური ქველმოქმედებისათვის გაიღო

livia

ოლივია როდრიგომ Guts World Tour-ის ფარგლებში არა მხოლოდ თავისი ფანების გული მოიგო, არამედ იმ ქვეყნებშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, სადაც საკონცერტო ტურნეს ფარგლებში იმოგზაურა. როგორც 17 დეკემბერს ცნობილი გახდა, 21 წლის პოპვარსკვლავი შოუების ბილეთების გაყიდვებიდან მიღებული წმინდა შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმარა და ქალებისა და გოგონების მხარდასაჭერად Fund 4 Good-ის ინიციატივით კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს.

გავრცელებული ინფორმაციით, როდრიგოს მიერ გაღებული საქველმოქმედო თანხა 2 მილიონ დოლარზე მეტია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 ორგანიზაციას გადაეცემა. ეს არის ის ორგანიზაციები, რომლებიც გოგონების განათლებაზე, ქალების რეპროდუქციული უფლებების დაცვასა და გენდერული ძალადობის პრევენციაზე მუშაობენ. არტისტის მიერ გაღებული თანხის მიმღებ ბენეფიციარებს შორისაა შემდეგი ორგანიზაციები: National Network of Abortion Funds (აშშ), Women’s Shelters Canada (კანადა), Women Against Violence Europe (ევროპა), The Pratthanadee Foundation (ტაილანდი), Korea Foundation for Women (სამხრეთ კორეა), Harmony House Limited (ჰონგ-კონგი), NPO Women’s Saya-Saya (იაპონია), Aidha (სინგაპური), Jhpiego (ფილიპინები) და Wesnet (ავსტრალია).

როდრიგო ტურნეს ფარგლებში ყველა იმ რეგიონს ესტუმრა, სადაც აღნიშნული ორგანიზაციები მუშაობს. Guts World Tour როდრიგოს მეორე სტუდიური ალბომის, Billboard 200-ის ლიდერ Guts-ის მხარდასაჭერი ტურნე იყო, რომელიც 2024 წლის თებერვალში დაიწყო, რვა თვეს გაგრძელდა და ფილიპინებში დასრულდა. ტურნეს დასკვნითი ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტი იყო როდრიგოსთვის, რადგან ის ფილიპინურ-ამერიკული წარმომავლობისაა.

„ეს ჩემთვის განსაკუთრებული ეტაპია – პირველად ვსტუმრობ ფილიპინებს და აქ ჩემი ფანებისთვის ვმღერი,“ – განაცხადა როდრიგომ Philippine Arena-ში გამოსვლის შემდეგ Billboard-თან ინტერვიუში. „ვამაყობ ჩემი ფილიპინური მემკვიდრეობით,” – თქვა ვარსკვლავმა.

ფილიპინებში ყოფნისას როდრიგომ ერთ-ერთ იმ ორგანიზაციასთან, რომელიც მის მიერ ქველმოქმედების ფარგლებში გაღებულ თანხას მიიღებს, პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა და მთელი კონცერტის ბილეთებიდან მიღებული წმინდა შემოსავალი ფილიპინელ ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს გადასცა.

როდრიგო, რომელმაც Billboard-ის 2024 წლის ტურნეს არტისტის სტატუსი დაიმსახურა, ქალებს მხარდაჭერას ტურნეს დასაწყისიდანვე აქტიურად უცხადებდა. თებერვალში მან Fund 4 Good დააფუძნა, რათა ტურნედან მიღებული შემოსავლის ნაწილი რეპროდუქციული უფლებების დამცველი ფონდებისა და იმ რეგიონების ორგანიზაციებისათვის გადაეცა, სადაც ტურნე ტარდებოდა.

ნოემბერში Billboard-ისთვის მიცემულ ინტერვიუში როდრიგომ თავისი ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ტურნეში გასვლა, მას შემდეგ, რაც Roe v. Wade (აბორტის კონსტიტუციური უფლება) გაუქმდა, აქტივიზმის ნაწილს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდიდა –  განსაკუთრებით იმ შტატებში, სადაც აბორტზე აკრძალვა მოქმედებს. მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა იმ ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომლებიც თითოეულ ტერიტორიაზე ქალების ჯანმრთელობას და ადამიანის უფლებებს იცავენ.