„წვიმა, ძლიერი ქარი და შტორმი“ - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება!
1744025407
NASA-ს მიერ მზის შესასწავლად გაგზავნილმა ზონდმა Parker Solar Probe გასული წლის დეკემბერში დამყარებული რეკორდი გაიმეორა. მან ჩვენი ვარსკვლავის ზედაპირს 6.1 მილიონ კილომეტრ მანძილზე ჩაუარა — ესაა ყველაზე ნაკლები დისტანცია, რომელზეც ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი მზეს ოდესმე მიახლოებია.
2025 წლის 22 მარტს აპარატმა სისწრაფის რეკორდიც გაიმეორა. კერძოდ, ის პლაზმის უზარმაზარი სფეროს მიმდებარედ წამში 192 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდებოდა.
ფაქტობრივად, Parker Solar Probe-მა ამჯერადაც მზის ატმოსფეროში გაიარა და მას "შეეხო". ეს იმიტომ, რომ ჩვენი ვარსკვლავის ატმოსფერო მისი ხილული ზედაპირიდან 8.3 მილიონკილომეტრზე მეტ მანძილზე ვრცელდება.
ზონდის ბოლოდროინდელი რეკორდები გასაოცარია იმის გამოც, რომ მზის ატმოსფერო უფრო ცხელია, ვიდრე მისი ზედაპირი. იქ ტემპერატურა მილიონობით გრადუს ცელსიუსს აღწევს. რა თქმა უნდა, აპარატის დიზაინის შექმნისას მეცნიერებმა ეს გაითვალისწინეს და ისე დაამზადეს, რომ მხურვალებისთვის გაეძლო.
მისიაზე მომუშავე გუნდში აცხადებენ, რომ ვარსკვლავთან მიახლოების შემდეგ Parker Solar Probe გამართულად ფუნქციონირებს და მისი ყველა სისტემა ისე მუშაობს, როგორც აქამდე. ის კოსმოსში 2018 წელს გაუშვეს. ზონდი მზეს უფრო და უფრო უახლოვდება, რათა მისი ატმოსფერო დეტალურად შეისწავლოს. ასევე, მონაცემებს აგროვებს მზის ქარისა და მაგნიტური ველის შესახებაც.
22 მარტის მანევრი ვარსკვლავთან რიგით 23-ე ჩავლა იყო და დაგეგმილი 5-დან მეორე, რომლის დროსაც დისტანცია 6.1-ს შეადგენდა. მომდევნო ჯერზე ზონდი მზეს 19 ივნისს მიუახლოვდება, შემდეგ კი — 15 სექტემბერსა და 12 დეკემბერს, თუკი საწვავი ეყოფა.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მისია ამით დასასრულისკენ წავა, რადგან საწვავის მარაგის ამოწურვის გარდა, პლაზმისგან თავდაცვის პრობლემაც შეიქმნება. ამის მიუხედავად, სანამ ეს მოხდება, აპარატი ღირებული ინფორმაციის შეგროვებას განაგრძობს.