ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ასაკის გამო სიტუაციას არ მართავდა და ხშირ შემთხვევაში, არ იცოდა, თუ რას აკეთებდა, - განაცხადა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.
„მე ვწუხვარ ჯო ბაიდენის გამო, იმიტომ რომ ის ასაკშია. ხანდახან, ის სიტუაციას არ მართავდა. მე ეს პირადი დაკვირვებით ვიცი. ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. და ეს ერთი წელი, წელიწად ნახევარი მე ძალიან მაშფოთებდა“, - თქვა ჯონსონმა.
მან მისი და ბაიდენის ურთიერთობის ერთი ეპიზოდი გაიხსენა. „იანვარში, ერთი წლის წინ. მე სპიკერი 2023 წლის ოქტომბერში გავხდი და ეროვნული უსაფრთხოების შესახებ უამრავი თემა და შეშფოთება არსებობდა, პრეზიდენტთან შეხვედრა მოვითხოვე. მე ძველი სკოლის წარმომადგენელი ვარ, კონსტიტუციის და კანონის მოყვარული. სპიკერი უნდა ესაუბრებოდეს პრეზიდენტს, განსაკუთრებით დიდი ეროვნული განსაცდელის დროს. მაგრამ მე მასთან შეხვედრის საშუალებას არ მაძლევდნენ. მისი გუნდი ბოდიშებს მიხდიდა. ასე რვა-ცხრა კვირა გრძელდებოდა“, - თქვა ჯონსონმა.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამბობდა, რომ პრეზიდენტს მასთან შესახვედრად დრო არ ჰქონდა. „ისინი ამბობდნენ, რომ ბაიდენს დრო არ ჰქონდა. მე საპრეზიდენტო მემკვიდრეობითი ხაზით მეორე პირი ვარ. მას აქვს დრო, მე მას უნდა დაველაპარაკო“, - იხსენებს ჯონსონი ბაიდენის გუნდთან საუბარს.
ჯონსონის თქმით, საბოლოო ჯამში, მან ბაიდენთან შეხვედრა მოახერხა. როცა ის თეთრ სახლში მივიდა და ბაიდენის კაბინეტში შევიდა, აღმოჩნდა, რომ იქ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, სენატორი ჩაკ შუმერი და სხვა ადამიანები იყვნენ, რომლებიც უკრაინისთვის მომდევნო დახმარებას განიხილავდნენ. ბაიდენმა სტუმრებს სთხოვა, რომ ის ჯონსონთან მარტო დაეტოვებინათ.
„მე მას ვკითხე: - სერ, რატომ შეაჩერეთ თხევადი გაზის ექსპორტი ევროპაში? თქვენ ხომ გესმით, რომ ამით პუტინის სამხედრო მანქანას კვებავთ? მან მითხრა: მე ეს არ გამიკეთებია. მე კი ვუთხარი - დიახ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ეს გააკეთეთ, ეს განკარგულება სამი კვირის წინ გამოეცით, რომელიც შეგიძლიათ მდივნისგან გამოითხოვოთ და ერთად წავიკითხოთ. ამის შემდეგ მან გაიხსენა - „თქვენ ბუნებრივ აირზე ამბობთ?“ მაგრამ განკარგულებაში ხომ საუბარი იყო თხევადი გაზის მოხმარების შედეგებზე. მე ვუპასუხე - სერ, თქვენ შეაჩერეთ თხევადი გაზის მიწოდება, მე ეს ვიცი და ეს დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ეკონომიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას. ამ საუბრისას მივხვდი, რომ ის არ ტყუოდა, მან მართლა არ იცოდა რას მოაწერა ხელი. და შეხვედრიდან შეშფოთებული გამოვედი, რადგანაც მივხვდი, სერიოზული პრობლემები გვქონდა, არ ვიცოდი ვინ მართავდა ქვეყანას“, - თქვა ჯონსონმა.