1737377042
პარლამენტის წინ რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
პარლამენტთან გასული წლის მაისში, აქციაზე დაკავებულ ორ პირს, საბა მეფარიშვილსა და ომარ ოკრიბელაშვილს, რომელთაც პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებას ედავებიან, სასამართლომ საპროცესო გარიგება გაუფორმა.
მოსამართლე ნათია გუდაძემ ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მათ სასჯელის სახედ სამი წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდადებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, ერთი წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.
მოსამართლემ ბრალდებულებს ჰკითხა, აღიარებდნენ თუ არა ბრალს, რაზეც ორივე მათგანმა უპასუხა, რომ ისინი ბრალს აღიარებენ.
შეგახსენებთ, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მათ ბრალად ნივთის ჯგუფურად დაზიანება ედებათ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.