კოლუმბიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კოკაინი ვისკიზე უარესი არ არის და მაღაზიებში უნდა გაიყიდოს

კოლუმბიის პრეზიდენტი

კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავ პეტრო აცხადებს, რომ კოკაინი ვისკიზე უარესი არ არის და ნარკოტიკი, ღვინის მსგავსად, მაღაზიებში უნდა გაიყიდოს.„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, გუსტავ პეტრომ ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

პეტროს თქმით, კოკაინი ვისკიზე უარესი არაა და ის მხოლოდ იმიტომ არ არის ლეგალური, რომ ლათინური ამერიკიდანაა.

როგორც მედია წერს, კოლუმბია კოკაინის ყველაზე დიდი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა. კოლუმბიის მთავრობა ათწლეულების განმავლობაში ებრძოდა ნარკოტიკებით ვაჭრობას, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტი ახლა ამტკიცებს, რომ კოკაინის თემას ამერიკელი პოლიტიკოსები „განტევების ვაცად“ იყენებენ.

გუსტავ პეტროს თქმით, კოკაინით მოვაჭრეთა ქსელების განადგურება იოლი იქნება, თუ კოკაინი მთელ მსოფლიოში ლეგალური გახდება.

„კოკაინი უკანონოა, რადგან ის ლათინურ ამერიკაში მზადდება, და არა იმიტომ, რომ ის ვისკიზე უარესია. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ის ვისკიზე უარესი არაა“, – განაცხადა პეტრომ.