ჯო ბაიდენმა თავის გუნდსა და თანამშრომლებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა - ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას

ჯო ბაიდენი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა თავის გუნდსა და თანამშრომლებს. მან მადლიერება გამოხატა მათ მიმართ და აღნიშნა, რომ საუკეთესო გუნდი აირჩია მთელ მსოფლიოში.

„არცერთ პრეზიდენტს არ შეუძლია, აირჩიოს მომენტი, როდის შევა ისტორიაში, მაგრამ მათ შეუძლიათ, აირჩიონ გუნდი, ვისთან ერთადაც იმუშავებენ“, – განაცხადა ბაიდენმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მისი ადმინისტრაციის მიღწევებს და აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდა პატიოსნების, ღირსებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. „არანაირი სკანდალი. არაჩვეულებრივია, რაც თქვენ გააკეთეთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, მიუხედავად თანამდებობის დატოვებისა, ბრძოლას არ წყვეტს: „ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას“.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თანამშრომლებს მოუწოდა, დარჩნენ აქტიურები საზოგადოებრივ საქმიანობაში, იქნება ეს საჯარო სამსახური, კერძო სექტორი თუ აკადემიური სფერო.

ჯო ბაიდენმა გამოთქვა იმედი, რომ მათი მიღწევები და კანონები, რომლებიც მიიღეს, „მომდევნო ათწლეულების განმავლობაში გაიზრდება და აყვავდება“.